რეკლამა

რას გვირჩევს ექიმი-კოსმეტოლოგი ბარსელონიდან

რას გვირჩევს ექიმი-კოსმეტოლოგი ბარსელონიდან
  • 218

"უნდა გახსოვდეს, რომ ცხოვრების სადავეები ყოველთვის შენს ხელთ არის"ისტორიამ ჩვენამდე მოიტანა ქართველი დიდგვაროვანი ქალების სილამაზისა და თავის მოვლის რეცეპტები. წლების მატებასთან ერთად ვითარდებოდა და იხვეწებოდა კოსმეტოლოგიური თუ ესთეტიკური ტექნოლოგიები. ადამიანები მუდმივად მუშაობენ, რათა იმაზე უკეთესები გახდნენ, ვიდრე იყვნენ. დღეს უკვე შესაძლებელია, ძალიან მოკლე დროში, უმტკივნეულოდ და ყოველგვარი გართულების გარეშე სასურველ შედეგს მივაღწიოთ და გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ საკუთარ გარეგნობაში.
კანისა და სხეულის მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან კანის მდგომარეობა ხშირად მიგვანიშნებს შინაგან პრობლემებზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მოიძიო კარგი კოსმეტოლოგი, რომელიც დაგეხმარება სწორად მოუარო კანს.
მინდა გიამბოთ ექიმ-კოსმეტოლოგ თეონა სიჭინავაზე, რომელმაც ემიგრაციაში ყოფნისას შეძლო და გადალახა ყველა პრობლემა, უცხო მიწაზე საკუთარი თავი იპოვა და აკეთებს საქმეს, რომელიც არა მხოლოდ მას, არამედ სხვებსაც აბედნიერებს. ამბობს, რომ საოცარი შეგრძნებაა, როდესაც პაციენტს უშვებს ბედნიერს და ეს ბედნიერება გადამდებია.


- 30 წლის ვარ, პროფესიით ექიმი-კოსმეტოლოგი. მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ვცხოვრობ ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში. საზღვარგარეთ წამოსვლის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მივიღე, ჩემი დიაგნოზი იყო თრომბოციტოპენია. საკმაოდ მძიმე მდგომარეობა მქონდა, ამ დიაგნოზს თან ახლდა მძიმე სტრესული ფონი და ნერვიულობა. რადგან საქართველოში მკურნალობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, გადავწყვიტეთ ბარსელონაში ჩამოვსულიყავით, აქ მკურნალობა უფასოა. დიდი სტრესი იყო ჩემთვის ორ შვილთან (უფროსი 3 წლის იყო და უმცროსი - ორი თვის) ერთად ქვეყნიდან წასვლა. აქ ჩამოსვლისთანავე ჩავბარდით ლტოლვილებად, რათა უფასო სამედიცინო მომსახურებით გვესარგებლა და გვქონოდა სახლი.
- რა იყო ყველაზე რთული?
- ბევრ სირთულეს გადავაწყდით, მაგრამ ენის არცოდნა ყველაფერში ხელს გვიშლიდა. მოდიხარ უცხო ქვეყანაში, სადაც არავინ გყავს, ვერავინ დაგეხმარება, გაქვს ექიმთან უამრავი ვიზიტი, გინდა მათთან კომუნიკაცია, შენ კი არ შეგიძლია კითხვის დასმა, რაც გაწუხებს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ვერ იგებ, რას გეუბნებიან. ასევე რთული იყო ბავშვების მარტო გაზრდა, არაერთხელ მოგვიწია საცხოვრებლის შეცვლამაც. ვისაც ემიგრანტობა არ გამოუცდია, ვისაც წლობით განშორების ტკივილი არ განუცდია, ის ვერასოდეს მიხვდება რას განიცდის ემიგრანტი.
- რთულია სრულიად უცხო ქვეყანაში გახდე წარმატებული. რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული თქვენთვის ამ გზის გავლა?
- ყველაფრის მიუხედავად, ძლიერი უნდა იყო, არ დაკარგო ბრძოლის სურვილი და სიცოცხლე შეიყვარო. აუცილებლად ცხოვრების სწორი კურსი უნდა გქონდეს აღებული და ასე დასახულ მიზნებამდეც მიხვალ.
- რატომ აირჩიეთ კოსმეტოლოგია?
- ეს ჩემთვის ის საქმეა, რისი კეთებაც მაბედნიერებს და სხვების გაბედნიერებაშიც მეხმარება. შენ ირგვლივ ბევრი ლამაზი და ბედნიერი ქალის ნახვას არაფერი სჯობს. მიყვარს ჩემი საქმე და გაჩერებას არ ვაპირებ, ყოველდღიურად ვცდილობ განვითარებას, რადგან ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩემთვის, ასევე პაციენტებისთვის. ვმუშაობ სახის კანის წმენდაზე განახლებული აპარატურით, ვაკეთებ სახის პილინგს, წარბის მიკრობლეიდინგს და წამწამების ღეროვან დაგრძელებას.
- თქვენს პროფესიაში ბაზარზე დიდი კონკურენციაა. როგორ ახერხებთ იდგეთ მოწოდების სიმაღლეზე?
- ამაში მეხმარება მონდომება და საქმის დიდი სიყვარული, ახალ-ახალი პროფესიული კურსი და მასტერკლასი.
- რა არის თქვენი წარმატების ფორმულა, რა უნდა იცოდეს კარგმა კოსმეტოლოგმა?
- უპირველეს ყოვლისა, ყველა პაციენტთან მაქვს თბილი და მეგობრული დამოკიდებულება. ჩემთვის მათთან მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა და იმავდროულად, თითოეული მათგანი მაბედნიერებს. წარმატების ფორმულაც ალბათ, ეს არის - თუ ის საქმე გიყვარს, რასაც აკეთებ, წარმატებაც აუცილებლად მოვა.
- რამდენიმე რჩევა რომ მისცეთ ჩვენს მკითხველს, როგორ მოუარონ სახის კანს სახლის პირობებში?
- ლამაზი და ელასტიკური კანისთვის აუცილებლად უნდა მივიღოთ ბევრი წყალი, ასევე, მნიშვნელოვანია სწორი და ჯანსაღი კვება, კანის დაცვა მზის სხივებისგან და ყოველდღიურად მზის დამცავი კრემის გამოყენება, დილისა და ღამის რუტინის ჩატარება, კანის ტიპის მიხედვით შერჩეული კრემების გამოყენება.
- რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან იმ გზას, რომელიც უკვე გაიარეთ?
- ცხოვრების ყველა ეტაპი რთულია, მით უმეტეს, ემიგრაციაში, მაგრამ ამ სირთულეებმა უნდა გაგვაძლიეროს. აუცილებელია დაისახო მიზანი და მის მისაღწევად შეუჩერებლად იარო. თუ არ დანებდები, ყველაფერი გამოგივა. უნდა გახსოვდეს, რომ ცხოვრების სადავეები ყოველთვის შენს ხელთ არის. ახლა ჩემი მთავარი მიზანი და ოცნებაა ბარსელონაში გავხსნა ესთეტიკის ცენტრი, სადაც ქართველ გოგონებს დავასაქმებ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიზანს მალე მივაღწევ.

მსგავსი სიახლეები