რეკლამა

"სცენაზე გამოსვლა საერთოდ რომ ამიკრძალონ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ძალიან მიყვარს წესიერი ადამიანები, მოხარული ვიქნები თუ ცხოვრების გზაზე ასეთი პიროვნება შემხვდება"

"სცენაზე გამოსვლა საერთოდ რომ ამიკრძალონ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ძალიან მიყვარს წესიერი ადამიანები, მოხარული ვიქნები თუ ცხოვრების გზაზე ასეთი პიროვნება შემხვდება"
  • 820

მსახიობი მარიამ ჩუხრუკიძე ბუნებამ მომხიბვლელი გარეგნობით და ნიჭით დააჯილდოვა, თუმცა, ფიქრობს, რომ კარგ მსახიობს სულ სხვა მონაცემები უნდა ჰქონდეს. მარიამი დღეს ჩვენი სტუმარია და საყვარელ საქმეზე დიდი გატაცებით გვესაუბრება.
- მოზარდ მაყურებელთა თეატრში საქმიანობთ. რას ნიშნავს თქვენთვის ამ თეატრის სცენაზე გამოსვლა?
- ბავშვებისთვის სცენაზე გამოსვლა და თამაში მართლაც საოცარი რამ არის. პატარები იმხელა ენერგიით და დადებითი ემოციით მავსებენ, რომ რთული დღე და დაღლილობა საერთოდ მავიწყდება. მათი სიყვარული და გულწრფელობა იმდენად გადამდებია, რომ ამას სიტყვით ვერ გადმოვცემ. ამის დასტურად, მხოლოდ ერთ ეპიზოდს მოგიყვებით: პატარა გოგონამ ყვავილი მაჩუქა და ჩამეხუტა. მეორესაც მოუნდა, რომ სცენაზე ამოსულიყო, მაგრამ არ იცოდა რა ეჩუქებინა, ჩემკენ გამოქანდა, სპექტაკლის ბილეთი მაჩუქა და ისიც ჩამეხუტა. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემმა პატარა მაყურებელმა დამხატა და ნახატი მაჩუქა. ზოგჯერ დარბაზში რთული ბავშვებიც სხედან და მათთან სულ სხვა მიდგომაა საჭირო... მოკლედ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობა, ერთდროულად, საინტერესოცაა და რთულიც. რთულია თუნდაც რეჟიმიდან გამომდინარე: პირველად რომ მივედი, მთელი კვირის განმავლობაში ამდენი სპექტაკლის თამაში ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ახლა, კვირაში 2 სპექტაკლი რომ მაქვს, უკვე მეცოტავება. როცა დაკავებული და აქტიური ხარ, უფრო იზრდები, როგორც მსახიობი. სწორედ ამიტომ, ამ თეატრში ყოფნა რთულია, მაგრამ ძალიან, ძალიან საინტერესო!
- თქვენ თუ ოცნებობდით ბავშვობაში მსახიობობაზე?
- სცენაზე ყოფნის და თამაშის სურვილი ყოველთვის მქონდა. პატარა რომ ვიყავი, გამოვიპრანჭებოდი, სარკის წინ დავდგებოდი და სხვადასხვა როლს "ვთამაშობდი". როგორც მახსოვს, ერთხელ, "რომაულ არდადეგებს" ვუყურებდი და მაშინ მივხვდი, რომ მსახიობობა მსურდა. სკოლაში ცუდად არ ვსწავლობდი, მაგრამ ჰუმანიტარული საგნები ჩემთვის პრიორიტეტული იყო. ყველაზე საყვარელი საგანი კი ქართული ენა და ლიტერატურა გახლდათ. ყველა სცენა, რომელსაც ვკითხულობდი, ჩემს გონებაში ცოცხლდებოდა. ახლა რომ ვფიქრობ, დედაჩემი - ნინო ჯიოშვილი ყველაზე მეტად მიწყობდა ხელს, რომ ნატვრა ამესრულებინა, რადგან ერთ დროს, მასაც მსახიობობა სურდა, ოღონდ, მას ოჯახმა მხარი არ დაუჭირა. საბედნიეროდ, ჩემს შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა: მთელი ოჯახი მხარში ამომიდგა, როცა ერთად დავსხედით და ჩემი ჩანაფიქრი გავუმხილე. ორი ძმა მყავს და ორივე ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო. ახლაც ასეა: ისინი ჩემს სპექტაკლებზე ხშირად დადიან და ამაყობენ, რომ მათი და მსახიობია.
- არჩევანი არასდროს გინანიათ?
- არა, ახლაც შემიძლია ერთი სპექტაკლი ათასჯერ ვითამაშო ისე, რომ არ მომბეზრდეს. ამითაც ვხვდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. მართალია, მუსიკაც ძალიან მიყვარდა და მიყვარს. ბავშვობაში, როდესაც დედა სიმღერას მასწავლიდა, აღმოაჩინა, რომ საოპერო მონაცემები მქონდა. ამიტომ, სანამ თეატრალურში ჩავაბარებდი, რამდენჯერმე მითხრა, ხომ არ აჯობებდა, კონსერვატორიაში გეცადაო... რასაკვირველია, ეს დაჟინებული თხოვნა არ იყო, მაგრამ ჩემი აზრი აინტერესებდა. მე მაშინ პატარა ვიყავი და მსახიობობა იმდენად უპირობოდ მინდოდა, რომ სხვა პროფესიაზე არც კი ვფიქრობდი. სწორედ ამიტომ ჩავაბარე თეატრალურში. გამიმართლა და დიმიტრი ღვთისიაშვილის ჯგუფში მოვხვდი: ის არაჩვეულებრივი პედაგოგია. მადლობელი ვარ, რომ მან ჩემი მონაცემები დაინახა და პროფესიულ განვითარებაში მაქსიმალურად დამეხმარა. ამასობაში წლები გავიდა და 25 წლის ასაკში, ჩემმა მეორე გატაცებამაც გაიღვიძა - კონსერვატორიით დავინტერესდი.
- ეს როგორ მოხდა?
- ერთ-ერთ სპექტაკლში კოლეჯის მოსწავლის როლს ვთამაშობდი და სიმღერის სცენებიც მქონდა. დრამატურგმა დავით გაბუნიამ ჩემი სიმღერა რომ მოისმინა, მითხრა, რომ ძალიან ლამაზი, საოპერო ხმა მქონდა და ამ მიმართულებით უნდა მეცადა ბედი. ეს აზრი მეც მომეწონა და დედასთან ერთად კონსერვატორიაში, პროფესორ გულიკო კარიაულთან მივედით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგია და ძალიან ბევრი ვარსკვლავი ჰყავს გაზრდილი. იქ დაგვხვდა ნინო სურგულაძე. ძალიან ვღელავდი, რომ მისი თანდასწრებით უნდა მემღერა, მაგრამ ნინო სურგულაძეს ჩემი სიმღერა ძალიან მოეწონა. სწორედ მან მირჩია, კონსერვატორიაში ჩამებარებინა. გამოცდებისთვის 6 თვეში მოვემზადე და ჩავაბარე. რასაკვირველია, ეს რთული იყო, რადგან უკვე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ვიყავი. ახლა მაგისტრატურაში ვსწავლობ, ოპერა ძალიან მიყვარს და მინდა ამ პროფესიას კარგად დავეუფლო.
- გარეგნობა რა როლს ასრულებს მსახიობის კარიერაში?
- ვფიქრობ, რომ მხოლოდ გარეგნობით ვერაფერს მიაღწევ. უფრო მეტიც, ზოგიერთი მსახიობისთვის სილამაზე ხელის შემშლელიც ყოფილა. ბევრი მსახიობისგან გამიგია, რომ სულ ერთი სტილის როლებს სთავაზობენ და ეს მოსწყინდათ. სულ სხვა საქმეა, როცა სილამაზეს თან ახლავს ერუდიცია, განათლება, როცა რეჟისორი შენი გარეგნობის მიღმა შინაგან ძალას და საინტერესო თვისებებს ხედავს... რა თქმა უნდა, ასეთ მსახიობთან მუშაობა ნებისმიერ რეჟისორს მოუნდება. ჩემს სამსახიობო კარიერას რომ გადავხედავ, ბევრი სხვადასხვა როლი მაქვს შესრულებული და არა მგონია, გარეგნობა გადამწყვეტი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, კარგი გარეგნობა მსახიობს ბევრ რამეში ხელს უწყობს, მაგრამ სამუშაო პროცესში უნდა დაამტკიცო, რომ გარდა გარეგნობისა, ნიჭიც გაქვს, რომ შენ მხოლოდ ლამაზი მსახიობი არ ხარ.
- თუ გაქვთ საყვარელი ფილმი, რომლის ნახვაც არ გბეზრდებათ?
- დიდი სიამოვნებით ვუყურებ ძველ ფილმებს, რადგან ეს ფილმები ძალიან ლამაზი და მრავლისმთქმელია. საერთოდ, ძველებური ყველაფერი მიყვარს: მუსიკა იქნება ეს, ფილმები თუ სხვა რამ. რეტროს და ვინტაჟურ სტილს საოცარი მიზიდულობა აქვს. თუნდაც "რომაული არდადეგები" ავიღოთ - ეს არის ფილმი, რომელიც არ ძველდება. ახალი წლის დღეებში, ერთ-ერთ არხზე გადიოდა, ცდუნებას ვერ გავუძელი, კიდევ ერთხელ ვნახე და კიდევ ერთხელ მოვიხიბლე. ამ ფილმის ნახვისას რწმუნდები, რომ არსებობს ნამდვილი სიყვარული და ეს სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს, როცა ერთმანეთს ორი ღირსეული ადამიანი ხვდება. კიდევ არის ერთი ფილმი, რომელიც რამდენჯერაც უნდა ვნახო, ჩემში იმავე ემოციებს იწვევს, რაც პირველი ნახვისას მქონდა: "ეს მშვენიერი ცხოვრებაც" ჩემი რჩეულია.
- რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელზეც სერიოზულად იფიქრებთ?
- პირველ ყოვლისა, კარგი იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს. ძალიან მომწონს, როცა ადამიანს თავისი ინტერესები აქვს და მიზანდასახულია. რა თქმა უნდა, ჩემს საქმესაც უნდა გულშემატკივრობდეს - სხვანაირად არ გამოდის, რადგან ადამიანებმა ერთმანეთის პროფესიას პატივი უნდა სცენ. ამიტომ, ძალიან გავიხარებდი, თუ ჩემი მეორე ნახევარი ჩემს საქმიანობაში ხელს შემიწყობდა. შეიძლება ყველა სპექტაკლს არ დაესწროს, მაგრამ მორალურად მხარში უნდა გედგეს და გამხნევებდეს. ბოლოს, მე ძალიან მიყვარს წესიერი ადამიანები და მოხარული ვიქნები თუ ცხოვრების გზაზე ასეთი ადამიანი შემხვდება.
- თუ ასეთი ადამიანი შეგხვდებათ და არჩევანის წინაშე დაგაყენებთ: ან სცენა, ან ოჯახი?
- მე მგონი, ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა ოჯახს უფრო მეტი დრო და ენერგია უნდა დაუთმო, თუნდაც, როცა შვილი ჩნდება. ამ დროს, შეიძლება მსახიობმა თეატრზე უარი თქვას, მაგრამ დროებით. სცენაზე გამოსვლა საერთოდ რომ ამიკრძალონ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი, უკიდურესი მდგომარეობაა. ასეთმა ადამიანმა არ იცის, რომ მსახიობობა მხოლოდ პროფესია არ არის და სცენაზე უარის თქმა იგივეა, არ ვისუნთქო და სიცოცხლეზე უარი ვთქვა.
- თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რა არის საჭირო წარმატებისთვის - ნიჭიერება, იღბალი, შრომისმოყვარეობა თუ სხვა თვისებებიც?
- ალბათ, ჯერ ნიჭი და მერე - იღბალი, რადგან ჩვენს საქმეში ბევრი რამ სუბიექტურია: ვიღაცას მოსწონს მსახიობი მარიამი, მაგრამ ვიღაცას სულ სხვა ვინმე მოსწონს და ესიმპათიურება. რასაკვირველია, წარმატების მისაღწევად შრომაც აუცილებელია, რადგან ამის გარეშე არაფერი გამოდის. როდესაც მსახიობი თავის თავზე მუშაობს და ნიჭიერიცაა, ეს სცენაზე ცხადად იგრძნობა. კიდევ არის ერთი თვისება, რომელიც მსახიობს უნდა ჰქონდეს - ინდივიდუალიზმი და ქარიზმა, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევს. ვფიქრობ, რომ ეს თვისებები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
- ინდივიდუალიზმი დღეს მართლაც იშვიათია: თითქმის ყველა ქერა გახდა, ყველას ერთნაირი თვალები, ცხვირი და ტუჩები აქვს... პლასტიკურ ქირურგიაზე, ბოტოქსსა და ფილერზე რას ფიქრობთ?
- საერთოდ, მე ექსპერიმენტების მომხრე არა ვარ - ეს არ მომწონს, მაგრამ როლისთვის შეიძლება თმის ფერის შეცვლა მომიწიოს. არ მომწონს, როცა ყველას ერთნაირი სახის ნაკვთები აქვს. შორიდან ასეთ ქალბატონებს მოვლილი და ლამაზი იერი აქვთ, მაგრამ ეს ძალიან უინტერესოა. თუ შეიძლება გარეგნობა გაიუმჯობესოს, რატომაც არა, მაგრამ არ შეიძლება ფართო, სქელი ტუჩები ყველას უხდებოდეს. ვიღაცას შეიძლება ძალიან თხელი ტუჩები ჰქონდეს, მაგრამ ეს ქალი მაინც ლამაზი, საინტერესო და მომხიბვლელი იყოს. შეიძლება ქალს ოდნავ კეხიანი ცხვირი ჰქონდეს, მაგრამ ეს მის სახეს უხდებოდეს. ეს ჩემი მოსაზრებაა და რა თქმა უნდა, თავზე არავის ვახვევ. მე კი, თმის ფერსაც, მხოლოდ როლის გამო შევიცვლიდი, მერე კი, ისევ ჩემს ბუნებრივ ფერს დავიბრუნებდი.
ხათუნა ჩიგოგიძე
ჟურნალი "გზა"

მსგავსი სიახლეები