რეკლამა

„21 წლის რომ ვიყავი, ბოლოს მაშინ მცემა დედაჩემმა - ხანდაზმულობა რომ არ ჰქონდეს, დედაჩემს ძალადობის მუხლით გაასამართლებდნენ"

„21 წლის რომ ვიყავი, ბოლოს მაშინ მცემა დედაჩემმა - ხანდაზმულობა რომ არ ჰქონდეს, დედაჩემს ძალადობის მუხლით გაასამართლებდნენ"
  • 1 565



ეს ადამიანი სტატუსებს არ უჩივის, არის იშვიათი იუმორის პატრონი, მრავალმხრივ განვითარებული და ხანდახან რომანტიკოსიც. მაგალითად, მეუბნება, რომ ახლახან "რომაულ არდადეგებზე" მის მეუღლეს ზუსტად ის გზა გაატარა, რაც ოდრი ჰეპბერნმა და გრიგორი პეკმა გაიარეს. თუმცა,­ როგორც ამბობს, რომანტიკა მაშინ დასრულდა, როცა 27 კილომეტრი ფეხით სიარული "ჩხუბით" დამთავრდა. დათო ლიკლიკაძე - ქუთაისელი ჟურნალისტი, მსახიობი, გიდი, ინფლუენსერი, "იუმორის შემგროვებელი" და ა.შ. ჩვენი ხშირი რესპონდენტია, თუმცა მისი ქუთაისური იუმორი მკითხველს არასდროს სწყინდება.
ეველინის ვარსკვლავი და გენიოსი მამა...
- დაბადების დღის ცენტრში გამოგვი­ცხადეს, ახლა ეველინის მშობლებს ვთხოვთ ამობრძანდნენ სცენაზე, ვარსკვლავის გახსნას­ დაესწრონო, და აინთო ფეიერვერკი. ჩემი შვილი მივარდა ვარსკვლავს, აიღო "ეველინი 6 წლის" წარწერით და უნდა გენახათ, რანაირად გამაჟრჟოლა. მეგონა, ჩემი შვილი "ოსკარს" იღებდა და ოჯახი მიწვეული ვიყავით ლოს-ანჯელესში, კოდაკის თეატრში... ვიდექი ამაყად ეველინის გვერდით და ვიდრე არ ჩაცხრა ფეიერვერკი, ჩემზე ამაყი ადამიანი არ იყო დედამიწის ზურგზე. ჩემმა შვილმა მართლა რომ რამეს მიაღწიოს, ალბათ, ვერ გადავრჩები, ბედნიერებისგან წავილეკები...

მართლა რა ცოტა კმარა ბედნიერებისთვის... მახსოვს, პირველ კლასში დროშა­ და ვარსკვლავი დამიწერა მასწავლებელმა (ჩემს დროს ნიშნები არ იწერებოდა პირველ კლასში), დედაჩემმა დასტაცა რვეულს ხელი და, ნოდარი, გამოიყვანე მანქანაო, შეჰბღავლა მამაჩემს. სულ მანქანით შემოირბინა ნათესაობა და ყველას აჩვენებდა­ იმ დროშას­ და ვარსკვლავს, გენიოსი მეზრდებაო... ჯერ ქუთაისში ხომ ისედაც ყველას (ჩემი ჩათვლით) გენიოსი ჰგონია თავი, დედაჩემი მთლად მაგიჟებდა. მახსოვს, პირველად რომ გამოვჩნდი ტელევიზორში, მითხრა, შენნაირი ლამაზი ტელევიზორში ჯერ არავინ გამოჩენილაო.
"ხანდაზმულობა რომ არ ჰქონდეს, დედაჩემს ძალადობის მუხლით გაასამართლებდნენ"
დედაჩემი საოცრებაა... ყველა დედას თავისი შვილი ყველაზე უკეთესი ჰგონია­ და როცა შვილი მეყოლა, მაშინ გავიგე, ეს რას ნიშნავს. გასაგებია, გიყვარს შენი შვილი­ და გგონია, გენიოსია, მაგრამ დედაჩემს ნამეტანი სჭირდა. დედამ დამაჯერა, რომ გენიოსი­ ვიყავი. მაგალითად, კარგა­ ხანს მეგონა, რომ პაატა ბურჭულაძეზე კარგი ბანი ვიყავი. მღეროდიო? ვაიმე, არ იმღერებდი და, შენი აჯობებდა! დედა ძალით მამღერებდა მეზობლის ქორწილებში, ნათესავებში... ცეკვაზე ამბობდა, რომ სუხიშვილებზე­ მაგრად ვცეკვავდი, მეც დამაჯერა. თუმცა­ მალე მოვეგე გონს. ბავშვობიდან ჭკვიანი ვიყავი და მალე მივხვდი, რომ თამილას, კლდიაშვილის ქალს, ეს დედობის გამო ემართებოდა.­ დედაჩემს ვერ დაარწმუნებდა­ ვერავინ, რომ რამე არ ვიცოდი ან მეშლებოდა. მახსოვს, ხაზვის მასწავლებელი არ მიწერდა მაღალ ნიშანს იმის გამო, რომ პარალელური წრფეები ვერ დავხაზე. დედა მოვიდა სკოლაში და გააპროტესტა, რატომ არ უწერთ მაღალ ნიშანსო. ამ ნაშრომში ვერ დავუწერ, ქალბატონო თამილა, ეს წრფეები არაა პარალელურიო, მიუგო მასწავლებელმა. დახედა დედაჩემმა ნახაზს და, ძაან კაი პარალელურიაო, უმტკიცებდა. შვილებს როცა ეხებოდა რამე, დედა ყველაფერზე მიდიოდა.
სკოლაში რასაც ვსწავლობდი, დედას გამო ვსწავლობდი, რადგან მაფრთხი­ლებდა, დაბალი ნიშანი თუ გამომყვებოდა, თავს მოიკლავდა - თმიდან "შპილკას" გამოიძრობდა და ვითომ შტეფსელში შეაკვეხებდა, ასე მოვიკლავ თავს, ან თავს ჩამოვიხრჩობო და უჯრიდან ბაწარს დააძრობდა. იმის შიშით, დედას თავი არ მოეკლა, რაც ვისწავლე (მე-7 კლასამდე),­ კარგად ვისწავლე, მერე კი მივხვდი, თავს რომ არ მოიკლავდა. რამე თუ არ მოეწონებოდა, მიზეზი არ სჭირდებოდა, შეეძლო ეგრევე ცეცხლი გაეხსნა. თქმა იცოდა, 17 დეკემბერს, ბედობა დღეს (ბარბარობას), სახლიდან ხმაური და ყვირილი არ უნდა გავიდეს, მხოლოდ უნდა ვიცინოთ და ვიმხიარულოთო. ძალიან სჯეროდა ბედობის და უნდოდა კარგი განწყობა დაგვბედებოდა. მეც დილით გაკრეჭილი რომ გავიღვიძებდი, დღის ბოლომდე გაკრეჭილი უნდა ვყოფილიყავი. თვითონაც ასე გაცინებული დადიოდა. ერთხელაც ასე გაცინებული და თავაწეული დავდივარ, წამოვედე ბროლის ვაზას, რომელიც დედას მაშინდელ ლენინგრადში და დღევანდელ პიტერში ჰქონდა ნაყიდი და გავტეხე. იქ ამბავი ატყდააა... თამილამ გამიფინა წიხლქვეშ, კივის, მე ვტირი და უცებ შევბღავლე, დედა, დღეს ხომ ბედობაა, დღეს ხომ უნდა ვიცინოდეთ-მეთქი, და გადავრჩი - გაჩერდა, გაიცინა და ისე გააგრძელა ჩემი ცემა, მაიძულებდა მეც მეცინა, მირტყამდა, იცინოდა, იცინოდა და მეც ვიცინოდი.
სიტყვამ მოიტანა და, ბარბარობის წინა დღეებში მეგონა, დედაჩემი ყველაზე მაგარ ლობიანს აცხობდა. მერე რომ გავაცხელებდით და მთელი შიგთავსი გადმოიყრებოდა, პრაქტიკულად, მხოლოდ გახუხულ პურს ვჭამდით. მაინც მეგონა, რომ ყველაზე მაგარი ლობიანი ჩვენს ოჯახში ცხვებოდა. მას მერე ბევრი ლობიანი ვნახე, მაგრამ არ არსებობს უფრო მაგარი გემო, ვიდრე დედაჩემის ლობიანს ჰქონდა...
იმისთანა ინტერვიუს ვიძლევი, მგონია, დედაჩემს დაიჭერენ. ხანდაზმულობა რომ არ ჰქონდეს, ძალადობის მუხლით გაასამართლებდნენ, მინიმუმ, "იუნისეფი" განრიდებას გაუკეთებდა. ახლავე შემიძლია ვუთხრა იურისტებს, ვინც ამას წაიკითხავს, რომ უკვე განრიდებულიც ვარ და ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, რაც ოჯახი შევქმენი...
ერთხელ გასტროლი გვაქვს კიევში ახალგაზრდულ თეატრს. დღეს აღარავის უკვირს, თვითონ წელიწადში 20-25-ჯერ გავდივარ ქვეყნიდან, მაგრამ მაშინ, 90-იანების ბოლოს, ეს იშვიათი იყო. ჭკუაზე არ ვარ, გასტროლზე რომ მივდივარ, და უცებ დედაჩემი აცხადებს, შენ თუ კიევში წახვალ, რომ ჩამოხვალ, მკვდარი დაგხვდები, სიზმარი მაქვს ნანახი (სიზმრებს სულ ნახულობდა, მაგრამ არ მჯეროდა, კიდევ კარგი, არც ერთი არ აუხდა, ჩემზე ათასი სისულელე ესიზმრებოდა), ვიღაცამ მითხრა, შენი შვილი თუ წავა კიევში, მოკვდებაო. ავტეხე ერთი ამბავი, ვიჩხუბე, გავვარდი ღრიალით, ჩამაშხამე ყველაფერი-მეთქი. როცა სახლში დავბრუნდი, ახლა მე გამოვაცხადე, არ მივდივარ-მეთქი. დედამ, რას ჰქვია, არ მიდიხარო, და მითხრა, სიზმარი მოვიგონეო. არაფრით არ წავალ, არ მოგიგონია-მეთქი. წადი, გინდა თუ არაო, და ატყდა ერთი ამბავი. მაინც არ წავედი... მას მერე კიევსაც და მთელ მსოფლიოსაც სამჯერ დავარტყი წრე და დედას დღემდე ვერ უპატიებია თავისთვის, ბავშვი გასტროლზე მიდიოდა, მის ნაცვლად სხვა ჩასვეს და ის წავიდაო. მას შემდეგ დედას სიზმარი აღარ უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის აღარაფერი მოუყოლია. ერთი ჩემი გასტროლი შეეწირა იმას, რომ უცნაური სიზმრები დაემთავრებინა...
40 წლის ვიყავი, როცა ცოლი მოვიყვანე.­ 40 წლამდე ისე მივედი, დედას არასდროს უთქვამს ჩემთვის, ცოლი როდის ან რატომ არ მოგყავსო. არავის ეგონა, მე და დედა ცალკე თუ ვიცხოვრებდით, ვინაიდან 40 წელი ხელჩაკიდებული დავდიოდით. როცა ცოლი შევირთე, აქეთ მეორე დილემა გაჩნდა - მეუღლემ რაღაც 6-პუნქტიანი გეგმა მომცა შესასრულებელი: წონაში დაკლება, მანქანის ტარების შესწავლა, მანქანის ყიდვა, მეორე სახლის გარემონტება (იქ მდგმურები გვყავდა), ცალკე ცხოვრება და ასეთები. სალიმ მითხრა, დედაშენი თლად ჩემი მონა რომ იყოს და ფეხქვეშ გამეგოს, ერთი წუთი ვერ ვიცხოვრებ მასთან, ვიყოთ ერთმანეთის სტუმრები, თუნდაც მთელი დღე ერთად გავატაროთ, მაგრამ ცალ-ცალკე ვიცხოვროთო. ჭკვიანი ქალია ჩემი მეუღლე და იცოდა, კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად ასე რომ აჯობებდა. ძალიან ლამაზი გოგოა ჩემი ცოლი, მთელი გარემოცვისთვის დაუჯერებელიც იყო, მე რომ მომყვებოდა და ამიტომ მისი გულისთვის ყველაფერზე­ მივდიოდი. მოკლედ, ვფიქრობ, რა ეტყვის ამას დედაჩემს, როგორ ვუთხრა ცალკე ვიცხოვრებო, როცა 40 წელია ერთმანეთით­ ვცხოვრობთ. დავიწყე, დედა, ცოლი მომყავს-მეთქი. დედამ იცოდა, რომ სალი მიყვარდა და შემაწყვეტინა: მოიცა, ერთი წუთი, მალე თუ უნდა მოიყვანო, ხვალვე ჩავალ მდგმურთან, ბოდიშს მოვუხდი, გავუშვებ და დავიწყოთ რემონტიო. რატო-მეთქი, ვეკითხები, თან გულში ვფიქრობ, ჩემს აზრებს ხომ არ კითხულობს-მეთქი. აბა, აქ იცხოვრებთო? აბა, სად უნდა ვიცხოვროთ, დედა (იმხელა სახლი გვაქვს საფიჩხიაზე, ყველა ოთახში არც ვარ ნამყოფი), ამხელა სახლში მარტო ხომ არ იცხოვრებ-მეთქი. დედა მეუბნება, თლად ია-ვა­რდი რომ იყოს ქალი, ხელიც რომ არ გამანძრევიოს, შეიძლება ამაზეც ვიჩხუბო, რატო ხელს არ მანძრევიებო. თქვენ ცალკე უნდა იცხოვროთ, რაღა დროის შენი დედაა, ამხელა კაცი ხარო. გულში ვფიქრობ, ამ ჩემს ბედში ნამდვილად ღმერთია ჩარეული და ის მილაგებს-მეთქი. ჰოდა, ასე ვცხოვრობთ ცალ-ცალკე, დედა დასთან გადავიდა თბილისში - დისშვილი ჯავახიშვილში­ მოეწყო და დედაც მას წაჰყვა. ამხელა 48 წლის კაცს დარდი მაქვს, დედას ხშირად რომ ვერ ვნახულობ, თორემ ჩვენ წუთიც არ გვიცხოვრია ერთმანეთის გარეშე.
როგორ გადაუხადა მამამ დედას სამაგიერო ინდური ჩაით...
- მამა წესიერი კაცი იყო და სასწაული იუმორის გრძნობაც ჰქონდა. უენო იყო და ყველა წყენას გულში იხვევდა, კლდიაშვილის ქალს ვერაფერს უბედავდა. ერთხელაც მოვიდა ნასვამი და მეზობლები დახვდა ჩვენთან. 90-იანი წლებია. მამამ დედას მიმართა, ჩაი მივართვათ სტუმრებსო, რაზეც დედამ მიუგო, უკვე მივართვიო. არა, ის კარგი ინდური ჩაი მივართვათო. მაშინ იშვიათი იყო ინდური ჩაი პაკეტებით, ძაან "სვეცკური". დედას კი შემოეყარა გულზე, მაგრამ გამოიღო ერთი პაკეტი, ერთ ჭიქაში­ რომ ჩადო, მეორეში გადადო (ყოფილა ერთი პაკეტით სამ კაცს დაგვილევია ჩაი). მამამ შეუყვირა, არა, ყველას ცალ-ცალკე ფერით გაუკეთეო. ამით გაამწარა დედაჩემი და სამაგიერო გადაუხადა...
20 წლის რომ ვიყავი, მამამ მითხრა, ძალიან ჯიუტი ბავშვი იყავი, ცემა-ტყეპით გაცმევდით ფეხსაცმელს, ლამაზად რომ დაგიწყობდით, ფეხებს აჩიკინებდი, გადააჯვარედინებდი და მარჯვენაში მარცხენა ფეხს და პირიქით დებდი, მერე კი დედაშენი გირტყამდაო. ვუთხარი, თქვენც პირიქით დაგელაგებინათ, ხომ ჩავ­ყოფდი სწორად, რას მირტყამდით-მეთქი. უი, მართალი ხარ, შე შობელძაღლოო. 20 წლის მერე მიხვდა, ეს მეთოდი რომ უნდა გამოეყენებინათ.
ფეისბუკჩელენჯი რომა, ყველა 21 წლის ასაკის ფოტოებს დებს, ამაზე ის მახსენდება, 21 წლის რომ ვიყავი, ბოლოს მაშინ მცემა დედაჩემმა. გერმანიიდან ყვითელი მაისური ჩამოვიტანე და დედაჩემის კივილი მთელ საფიჩხიას ესმოდა: "ნოდარი, შენმა შვილმა ეს ყვითელი მაიკა თუ უნდა ჩაიცვას, მოკალი, კაცობის ამას არაფერი აცხიაო". კაი, თამილა, აცადე, რაც უნდა ის ჩაიცვასო, ეს რომ თქვა მამაჩემმა, მაშინ ატყდა კივილი, მაგრამ რა ატყდა. მამა სახლიდან გაიქცა, მე ვერ გავასწარი და დედამ ზურგში მამაჩემის სქელი ქამარი ჩამცა. ასე რომ, მინდა ყველას ვუთხრა, 21 წლის არასდროს ვყოფილვარ და ფოტოც არა მაქვს. ის კი არა, ყვითელ ფერს რომ ვუყურებ, ახლაც დედაჩემის კივილი ჩამესმის და ზურგი მეწვის.
"უცებ გადამაფარეს საქართველოს დროშა და სადღაც შემათრიეს, ფანებს რომ არ მოვეკალი"
- მე და სპორტი ძალიან შორს ვართ, ცოტა ხნის წინ ფეხბურთის "მოდებაში" არ ვიყავი. ახლა უკვე ვიცი, ვის ეთამაშება­ კვარა, ფეხბურთის დროს რა უნდა ვქნათ, სად უნდა გაგვიხარდეს და სად ვიყვიროთ. არა ვარ სპორტული, ბავშვობაში ერთხელ შემიყვანეს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე. ჩემი ყველაზე დიდი კარიერა ის იყო, რომ ჩემპიონატზე მეორე ადგილი ავიღე. შემაქეს, კაია, მეორე ადგილიო, მარა ვუთხარი, რომ ჩემს კატეგორიაში სულ სამნი ვიყავით, მესამე არ გამოცხადდა და მეორეზე ამიტომ გავედი-მეთქი. სტადიონზე სულ ორჯერ ვარ ნამყოფი. ამას წინათ, 200-მდე ქართველთან ერთად გავფრინდით ნეაპოლში მატჩზე დასასწრებად, ნაპოლი-ტურინის­ მატჩი იყო. ძალიან მაგარ და ისტორიულ თამაშზე ვიყავი... ფეხბურთი ტელევიზორში­ კი მინახავს, რომ არ გადავაჭარბო, ის კი ვიცოდი, რომ მეორე ტაიმში კარები იცვლება, მაგრამ რაც ნეაპოლში დამემართა... ჩვენს სექტორში სულ ქართველები ისხდნენ. ორი გოლი რომ გავიდა, ვყვირით, ვიხევთ ყველაფერს - კვარა, კვარა (ორი გოლი კვარამ და ოსიმენმა გაიტანეს), ძალიან გახარებული ვარ. დამთავრდა პირველი ტაიმი­ (საბოლოოდ, 5:1-ით დასრულდა), მეორე ტაიმში კარი შეიცვალა და მოწინააღმდეგის ერთადერთი გოლი რომ გავიდა, მგონია, ისევ "ნაპოლიმ" გაიტანა, წამოვხტი და ვღრიალებ: გოოოოლ, გოოოლ! აზრზე ვერ მოვედი, კარები რომ იცვლება და ის შენი კარია. ალბათ, 60 ათასი კაცი მე მიყურებდა, ასე რომ გავიხარე. ჩვენს სექტორში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ქართველებმა უცებ გადამაფარეს საქართველოს დროშა და სადღაც შემათრიეს, გამარიდეს, ვინმეს რომ არ მოვეკალი, სასწაული ფანების გარემოცვაში ვიჯექი და როგორ უნდა დამერწმუნებინა ისინი, არ ვიცოდი, მეორე ტაიმში კარები რომ იცვლება-მეთქი?

მსგავსი სიახლეები