რეკლამა

"ასეთი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იყო"

"ასეთი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იყო"
  • 572

"ეს ღვთაებრივი, ნათელი ენერგია სულ ჩემთანაა და მჯერა, მომავალშიც არ მიმატოვებს!"
ქერათმიანი, მომხიბვლელი ეკა კვალიაშვილი ქართულ სცენაზე წლების წინ გამოჩნდა. 1990-იანების თაობამ მისი სიმღერები ლამის ზეპირად იცოდა: "ვედრება", "სიყვარულის სანთლები", "დაასხი", "ერთადერთო" - ეს იმ სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ბევრჯერ მოუსმენია და ხალხში დღესაც პოპულარულია. ეკა კვალიაშვილი მრავალი ჯილდოს მფლობელია, მას არაერთი პრესტიჟული პრემია და ტიტული აქვს მინიჭებული, მათ შორისაა: "მის-როკ ევროპა-92", "2000 წლის საუკეთესო ვოკალისტი", "2000 წლის ბოლო ათწლეულის საუკეთესო შემსრულებელი" და ა.შ.
- როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა და რა როლი შეასრულა ამაში ოჯახმა - დედამ, მამამ და მამიდამ - ცნობილმა კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა?


- მუსიკისადმი ჩემი უსაზღვრო სიყვარული ბავშვობის წლებიდან მოდის. ჩემს ახლობლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ თავიდანვე მომღერლად დავიბადე. ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს "ხელოვნების სავანე" და ამ სავანეში ჩემზე ყველა ზრუნავდა. მშობლების თქმით, 1 წლის და 3 თვის ასაკში უკვე სრულფასოვნად ვლაპარაკობდი და ვმღეროდი. უფრო მეტიც, ჩემი საყვარელი, რჩეული სიმღერები მქონდა, რომელსაც სულ ვმღეროდი და ეს სიმღერები საკმაოდ სერიოზული, არაბავშვური იყო. ოჯახმა მუსიკისადმი ჩემი მიდრეკილება შენიშნა და საქმეში მამიდა - მარიკა კვალიაშვილი ჩაერთო, მას დედაჩემმაც მხარი აუბა და ტელევიზიაში მიმიყვანეს.
- სცენაზე პირველი გამოსვლა როგორ გახსენდებათ?
- ის დღე ძალიან ტკბილად მახსენდება: საბავშვო გადაცემაში გამოვედი და მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შევასრულე. მახსოვს, იმ გადაცემას გენიალური ტელეწამყვანი - ჯულიეტა ვაშაყმაძე უძღვებოდა. ასე შედგა ჩემი მუსიკალური დებიუტი. 3 წლის შემდეგ ისევ მივედი სატელევიზიო გადაცემაში და ისევ მამიდას სიმღერა შევასრულე. ამის შემდეგ, ჩემმა ოჯახმა ყველაფერი იღონა, რომ სრულყოფილი მუსიკალური განათლება მიმეღო: ჯერ მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს ფორტეპიანოს განხრით, ამის შემდეგ პირველ სამუსიკო სასწავლებელში ჩავაბარე. სწავლის პარალელურად, სიმღერა არასდროს შემიწყვეტია. ამ პროცესში ჩემი ოჯახის წევრებიც მუდმივად იყვნენ ჩართული.
- ქართველ მომღერლებს და მუსიკოსებს შორის ვინ იქონია თქვენს მომავალზე განსაკუთრებული გავლენა?
- 15 წლის ასაკში მოვხვდი ანსამბლში, რომელსაც თამრიკო და შოთა დავითაშვილები ხელმძღვანელობდნენ. ამ ჯგუფს "დაბადება" ერქვა და სწორედ მასთან ერთად გამოვედი დიდ სცენაზე: თამრიკო სოლისტი იყო, მე და ორი გოგონა კი - ბექვოკალისტები. ეს გახლდათ ჩემი პირველი შეხება დიდ აუდიტორიასა და სცენასთან. მახსოვს, იმდენად ვნერვიულობდი, რომ სცენაზე ყოფნისას მუხლების კანკალი დამეწყო, მაგრამ შემდეგ, თავი ხელში ავიყვანე და ამ სტრესსაც მოვერიე. უნდა ვაღიარო, ჩემს მომავალზე ქართველ მომღერლებს დიდი გავლენა არ ჰქონიათ, რადგან იმ პერიოდში, სრულიად განსხვავებულ მიმდინარეობებს ვუსმენდი და ვმღეროდი. მქონდა ბევრი უცხოური კონცერტის ჩანაწერი და სიამოვნებით ვუსმენდი "ქუინს", "დი ფარფლის", ძალიან მომწონდა სტივ უანდერის მუსიკა, შემდეგ უიტნი ჰიუსტონმა, რეი ჩარლზმა, ელა ფიცჯერალდმა და სხვებმა გამიტაცეს. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ შემსრულებლებს და მიმდინარეობებს ვუსმენდი, მაგრამ ყველას შემოქმედებას ვგრძნობდი და ვსწავლობდი... რაც შეეხება ქართველ მომღერლებს, ბესო კალანდაძის შესრულებული სიმღერები მომწონდა. სწორედ ასე, თანდათან დაიხვეწა და ჩამოყალიბდა ჩემი, როგორც მომღერლის სტილი და გემოვნება.
- ამ გადმოსახედიდან, რაში მდგომარეობს მუსიკოსის წარმატების საიდუმლო, რა უფრო საჭიროა თქვენს საქმეში - იღბალი, გარეგნული მონაცემები თუ ნიჭიერება?
- ჩემი აზრით, ასეთი საიდუმლო არ არსებობს: ყველაფერი - ჩვენი სურვილები და მათი განხორციელებაც, მხოლოდ ჩვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანს წარმატების მიღწევა სურს, დაუზარელი უნდა იყოს. ამავე დროს, აუცილებელია პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ნიჭი და ქარიზმა. თუ მსმენელი გიყვარს და შენს შემოქმედებას მას მიუძღვნი, ეს უკვე წარმატების საწინდარი და დასაწყისია. მეც ყოველთვის ვცდილობდი, ამ პრინციპებისთვის არ მეღალატა. წლები გადის და ჩემი ახლანდელი მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება წარსულისგან, მაგრამ ახლა უფრო მეტი გამოცდილება მაქვს და რატომღაც მჯერა, რომ ხვალინდელი დღე უფრო კარგი და ნათელი იქნება.
- დაბოლოს, რა ადგილი უკავია ხელოვანის ცხოვრებაში სიყვარულს?
- სიყვარული საოცარი ენერგიის და შთაგონების წყაროა, რომელიც ხელოვანს პროფესიულ განვითარებაში ხელს უნდა უწყობდეს. ხშირად სვამენ შეკითხვას - რამდენჯერ შეიძლება ეწვიოს ადამიანს ეს გრძნობაო... მე ვიტყოდი, რომ სიყვარული სხვაა, გატაცება - სულ სხვა. ნამდვილი სიყვარული ადამიანს ზრდის და ამაღლებს, მის ემოციურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება. ასეთი სიყვარული ჩემს ცხოვრებაშიც იყო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ. თუ პირადზე ვსაუბრობთ, ასეა, თუმცა, სიყვარული გაცილებით ფართო, ყოვლისმომცველი გრძნობაა - ეს ღვთაებრივი, ნათელი ენერგია სულ ჩემთანაა და მჯერა, მომავალშიც არ მიმატოვებს.

ჟურნალი "გზა"

მსგავსი სიახლეები