რეკლამა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა
  • 531

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა. მედიასთან მოკლე კომენტარში მან იმედი გამოთქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უახლოეს მომავალში გაუმჯობესდება. ოჯახი წლების განმავლობაში ამბობდა, რომ ციხეში მყოფი დეკანოზის მდგომარეობა მძიმდებოდა, მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. "მართალია გათვითცნობიერებული მაქვს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, თუმცა ჩემი სურვილია, რომ უახლოეს პერიოდში შევძლო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის მდგომარეობა, დანარჩენს, როგორც პირველად ვთქვი ცხოვრება გვაჩვენებს, ცხოვრება გრძელდება", - თქვა გიორგი მამალაძემ. ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ სტამბოლში ჯერ კვლევებს ჩაიტარებს, შემდეგ კი მკურნალობა დაინიშნება. "ხედავთ, დაწოლილ მდგომარეობაში მიგვყავს, მაგრამ, ღმერთის წყალობით იმედი გვაქვს, რომ ცოტა დრო დასჭირდება, მაგრამ თავისი ფეხით დაუბრუნდება სამშობლოს და თავის ოჯახს", - თქვა თორნიკე მამალაძემ. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით 14 თებერვალს გათავისუფლდა. მას ე.წ. ციანიდის საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და "ციანიდის" გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.

მსგავსი სიახლეები