ალერგიული რინიტი - პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
გვესაუბრება ექიმი-ალერგოლოგი ლალი ბერიძე.- ქალბატონო ლალი, რა არის ალერგიული რინიტი და რა იწვევს მას?
- ალერგიული რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც გამოწვეულია იმუნური პასუხით ალერგენის ინჰალაციაზე.
- როგორ ვლინდება ალერგიული რინიტი?
ქავილი;
ცემინება;
ცხვირის გაჭედილობა დაგამჭვირვალე გამონადენი ცხვირის ღრუდან.
- როგორ ხდება დიაგნოსტირება და დიფერენცირება სხვა მსგავსი სიმპტომების დაავადებებისაგან?
- დიაგნოსტირებისათვის ყველაზე ხშირად გამოყენებული კვლევის მეთოდია კანის ალერგიული სინჯები გარკვეულ ალერგენებზე. ასევე ხდება ლაბორატორიული კვლევა - სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრა, ნაზალური ნაცხის ციტოლოგიური კვლევა, ზოგჯერ რენტგენოგრაფიული კვლევა.
სხვა მსგავსი სიმპტომების დაავადებებისგან გამიჯვნა ხდება სწორედ შეკრებილი ანამნეზისა და ჩატარებული კანის ალერგიული სინჯების საფუძველზე, რაშიც გვეხმარება რენტგენოგრაფიული და ციტოლოგიური კვლევა.
- შესაძლებელია თუ არა დადგინდეს, კონკრეტულად რამ გამოიწვია ალერგიული რინიტის განვითარება?
- თანამედროვე კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები ალერგენებზე, განსაკუთრებით კანის ალერგიული სინჯები (პრიკი, კანშიდა), შესაძლებლობას გვაძლევს განვსაზღვროთ ალერგიული რინიტის გამომწვევი მიზეზები.
- როგორ შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება და მკურნალობა?
- ალერგიული რინიტის მართვა გულისხმობს სამ ძირითად კომპონენტს: პრევენციულს, რათა მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ალერგენთან კონტაქტს, მედიკამენტურ მკურნალობასა და იმუნოთერაპიას.
- რამდენად შესაძლებელია ალერგიული რინიტის პრევენცია და როგორ?
- პრევენცია შესაძლებელია, ამისათვის საჭიროა:
მოერიდოთ გარეთ ყოფნას ცხელ და ქარიან ამინდში;
მიიღოთ შხაპი გარეთ ყოფნის შემდეგ, რათა ჩამოიშოროთ მტვერი;
მცენარეთა მტვრის აქტივობის პერიოდში მჭიდროდ დახურეთ ფანჯრები;
აკონტროლეთ სახლში ტენიანობა;
ნუ იყოლიებთ შინაურ ცხოველებს.