"ივანიშვილის რეჟიმი თუ აქამდე შეფარულად ახორციელებდა იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია საქართველოს ჩამოშორება ევროპული პერსპექტივისგან, ახლა იძულებული გახდა, ამის ვერბალური დეკლარირება მოახდინოს"
ივანიშვილის რეჟიმი თუ აქამდე შეფარულად ახორციელებდა იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია საქართველოს ჩამოშორება ევროპული პერსპექტივისგან, ახლა იძულებული გახდა, ამის ვერბალური დეკლარირება მოახდინოს, - ასე შეაფასა „ჭავჭავაძის ცენტრის" თანადამფუძნებელმა, ნინო კალანდაძემ პარტია "ხალხის ძალის" წარმომადგენლის, გურამ მაჭარაშვილის განცხადება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "ქართული ოცნებისგან" ე.წ. განდგომილების სახელით ბიძინა ივანიშვილის რეალური მიზანი ცხადდება.
„სწორედ ამისთვის შექმნა ეს ჯგუფი, ე.წ. განდგომილების, რომ მათ გააჟღერონ ის, რასაც სინამდვილეში ივანიშვილი აპირებს. დღეს უკვე აშკარაა, რომ განდგომილების პირით პირდაპირ ცხადდება ივანიშვილის პოლიტიკა იმის თაობაზე, რომ საქართველო არ უნდა ინტეგრირდეს ევროკავშირში, არ უნდა გახდეს ნატო-ს წევრი და უნდა შეეცვალოს საგარეო კურსი. ეს არის ამოცანა მისი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, უბრალოდ, ახლა ამას უკვე დეკლარირებული სახით აკეთებს", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ივანიშვილის პოლიტიკა აზიანებს.
ცნობისთვის, პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროკავშირი და ნატო თვითმიზანი არ არის. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, ვინც დააპირებს, საქართველოს საქმეებში უხეშად ჩაერიოს, მიიღებს პასუხს.
ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, ნატო და ევროკავშირი არ არის თვითმიზანი და თუ დაინახავენ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ამაზეც ისაუბრებენ.