ხშირად მშობლები სკოლამდელი ასაკის შვილებს წინასწარ ასწავლიან პროგრამულ თუ არაპროგრამულ საკითხებს და ფიქრობენ, რომ ასე ბავშვს უფრო გაუიოლდება სკოლაში სწავლა. სინამდვილეში, რისთვის უნდა იყოს პირველკლასელი მზად, რა უნარებსა და ცოდნას უნდა ფლობდეს და აუცილებელია თუ არა ამ ასაკში რეპეტიტორის დახმარება, თუ პროგრამას ჩამორჩება, თემაზე "ნიუტონის თავისუფალი სკოლის" დაწყებითი საფეხურის პედაგოგი ვენენო მენაბდე გვესაუბრება:
- პირველკლასელი ბავშვისთვის მნიშვნელოვანია სოციალური უნარ-ჩვევები, შემდეგ - მოტორული განვითარება და მეტყველება. ამ სამიდან კი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური უნარ-ჩვევებია, რაც პანდემიიდან გამომდინარე, დღეს ბავშვებს ასე უჭირთ.
-როდესაც მშობლები წინასწარ ამეცადინებენ თავიანთ შვილებს, ასწავლიან წერა-კითხვას, რამდენად გამართლებულია და სინამდვილეში, რა ცოდნა უნდა ჰქონდეს ბავშვს, რომელიც პირველ კლასში შედის?
- სკოლამდელ ასაკში წერა-კითხვის სწავლება არ არის მნიშვნელოვანი - მნიშვნელოვანია ბავშვის სწავლებისათვის მომზადება. ბავშვს თუ წერა-კითხვა და ასის ფარგლებში ანგარიში შეუძლია, მშობლებს აქვთ მოლოდინი, რომ ის კლასში საუკეთესო მოსწავლე იქნება. უმეტეს შემთხვევაში ეს მოლოდინი არ მართლდება, რადგან მას არ აქვს განვითარებული ის უნარები, რომლებიც ამ ასაკში კითხვასა და ანგარიშზე მნიშვნელოვანია: ნივთების გაზიარება, თხოვნა, რომ მისცენ ნივთი, რიგის დაცვა, კონფლიქტის კონსტრუქციული გზით მოგვარება, მოსმენის უნარი, ყველაზე მნიშვნელოვანი - ახლის შემეცნების სურვილი და ა.შ.- როცა ბავშვმა უკვე იცის ის პროგრამული საკითხები, რაც პირველკლასელთა სახელმძღვანელოებშია განსაზღვრული, თქვენიდაკვირვებით, ხომ არ იწვევს ეს ინტერესის დაქვეითებას და ზოგადად, როგორ მოქმედებს მოსწავლის მოტივაციაზე?
- სახელმძღვანელოს ადრე სხვა ფუნქცია ჰქონდა - მასწავლებლები მას ერთადერთ "ხელმძღვანელად" იყენებდნენ, მხოლოდ მისი საშუალებით ხდებოდა სწავლება. თანამედროვე სწავლებაში კი გრიფირებული სახელმძღვანელო ერთ-ერთი დამხმარე რესურსია იმ მრავალთაგან, რომელსაც მასწავლებლები საინტერესო, მრავალფეროვანი გაკვეთილების დასაგეგმად ვიყენებთ; შესაბამისად, პროგრამული საკითხების ცოდნა სკოლამდელი ასაკის ბავშვს, უმეტესწილად, ვერ შეუქმნის დისკომფორტს.- ძალიან ხშირად მშობლები მასწავლებლის მიერ მიცემულ შენიშვნას თავადაც ამატებენ სავარჯიშოებს სახლში ან კიდევ ე.წ. "შავი რვეული" აქვთ, ჯერ იქ აწერინებენ დავალებას, შემდეგ კი - სკოლაში წასაღებ რვეულში. როგორ ფიქრობთ, მსგავსი მიდგომა რაში ეხმარება, ან უშლის ხელს?
- კვლევების მიხედვით, დაწყებით საფეხურზე დიდი მოცულობის საშინაო დავალებით ბავშების დატვირთვა არ არის რეკომენდებული. მაგალითად, მეორე კლასში მოსწავლეს ყველა საგანში სამეცადინოდ 15 წუთზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს; საშინაო დავალება კი უნდა იყოს იმდენად კარგად ახსნილი და გასაგები, ბავშვმა მისი დამოუკიდებლად შესრულება შეძლოს. წინააღმდეგ შემთვევაში, მოსწავლე ფრუსტრირებულია, ფიქრობს, რომ ვერ სწავლობს, არ შეუძლია, არ გამოსდის. არის ხოლმე შემთხვევები, ბავშები თვითონ ითხოვენ დავალებას, ეხალისებათ, სიამოვნებთ, ასეთ დროს მასწავლებელმაც და მშობელმაც შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ და სახალისო, ასაკის/დონის შესაბამისი დავალებები გაკეთებინონ.- რამდენად რთულია პირველკლასელებთან ონლაინ ან ჰიბრიდულ რეჟიმში სწავლება?
- პირველკლასელებთან ონლაინ/ჰიბრიდული რეჟიმი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ეს ის ეტაპია, როცა ბავშვი სოციალიზაციის უმნიშვნელოვანეს პერიოდს გადის, ფაქტობრივად, მთელი მომავალი სასკოლო წლები პირველ ურთიერთობებზეა დამყარებული. თუმცა, მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე იძულებულები ვიყავით ჩაგვეტარებინა დისტანციური გაკვეთილები. ტექნიკურად გაკვეთილის აწყობა ძალიან მარტივია, რადგან დაწყებითებში ვიზუალიზაციას ენიჭება უპირატესობა და ბავშვებისათვის ძალიან მიმზიდველი იყო ლამაზად აწყობილი პრეზენტაციბი, საინტერესო ვიდეოები და ა.შ. მე, როგორც მეორეკლასელი მოსწავლის მშობელი, მაქსიმალურად ვცდილობ (თუკი სკოლა ამის საშუალებას მაძლევდა და საბედნეროდ, წელს მხოლოდ ერთი კვირით მოუწიათ დისტანციურად გადასვლა) იაროს სკოლაში. ხშირად მიფიქრია, ღირდა თუ არა გარისკვად და ვთვლი, რომ დიახ, ნამდვილად ღირდა! ბაშვებმა უნდა იარონ სკოლაში, ასე გახდებიან თანამედროვე საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და არა შინ, კომპიუტერთან მსხდომნი. ცხადია, არის ხოლმე მიზეზებიც, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება და პანდემიის დროს ბავშვს სკოლაში ვერ გავუშვებთ, თუმცა, ისევ ვიტყვი, ეს მიზეზი უნდა იყოს პანდემია და არა ბაკურიანში დასასვენებლად წასვლა ან დილით 2 საათით ადრე ვერგაღვიძება.- ზოგადად, მოსწავლეების მოტივაციაზე, აზროვნების უნარზე იმოქმედა პანდემიამ?
- იმოქმედა ისევ და ისევ სოციალურ უნარ-ჩვევებზე, რაც, როგორც უკვე ვთქვი, ასეთი მნიშვნელოვანია. საბავშვო ბაღში ვერ დადიოდნენ, მიეჩვივნენ შინ, ეკრანებთან ყოფნას. მე გაჯეტებით თამაშის წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, ძალიან მომწონს და ვფიქრობ, არაერთი თამაშია გონებისა და მოტორიკის განმავითარებელი. თუმცა, ამ ყველაფერს სწორად დაგეგმვა და გამოყენება უნდა. შინიდან მოსულ მოსწავლეს ძალიან უჭირს უცხო გარემოში ადაპტირება, ის სახლში ხშირ შემთვევაში სამყაროს ცენტრი იყო, სკოლაში კი ერთ-ერთი ბავშვია. ცხადია, მასწავლებელს ყველასთან ინდივიდუალური დამოკიდებულება გვაქვს, მაგრმ კლასი გუნდია, პატარა საზოგადოება, სადაც უნდა დაიმკვიდროს თავი. მნიშვნელოვანია მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობა, რათა ბავშვებს გავუმარტივოთ ადაპტაციის პერიოდი, რაც შემდეგ აისახება მოტივაციაზე, მოტივაცია კი მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში.- როდესაც ბავშვს პრობლემა ექმნება გარკვეული საკითხისა თუ საგნის ათვისებასთან დაკავშირებით, ხშირად მშობლებს პირველ კლასში, დაწყებით საფეხურზე რეპეტიტორთან მიჰყავთ, როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად საჭიროა?
- პირველკლასელი მოსწავლის რეპეტიტორთან მიყვანა, თუ მას სპეციალური საჭიროება არ აქვს, არ მგონია სწორი. პრობლემას ხშირ შემთხვევაში მასწავლებელი აღმოაჩენს ხოლმე, უკავშირდება მშობელს და აძლევს რეკომენდაციას, როგორ დაეხმაროს სახლში, პარალელურად, თვითონაც ეხმარება მოსწავლეს.- თქვენ უკვე პირველკლასელთა არაერთი ნაკადი მიიღეთ. წლების განმავლობაში რა ცვლილებებს ხედავთ ბავშვებში, მათ ინტერესებში, უნარებში?
- ემოციური ფონი წლიდან წლამდე იცვლება, ბავშვები უფრო მგრძნობიარენი ხდებიან, რასაც სხვადასხვანაირად გამოხატავენ. დიდი ყურადღება გვჭირდება მშობლებსაც და მასწავლებლებსაც, რათა მათი გამოხატული ან ვერგამოხატული ემოციები არ გამოგვეპაროს და დროულად აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა. ინტერესები კი, საბედნიეროდ, მრავალფეროვანი აქვთ, რაც მეტს სწავლობენ და შეიმეცნებენ, მით უფრო იზრდება ინტერესთა სფეროც, ფართოვდება თვალსაწიერი. უფროსების მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი - მასწავლებლებს შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ბავშვებში დამალული ნიჭი, რომელსაც განვითარება სჭირდება. ხშირად ვიმეორებ მალალა იუსუფზაის სიტყვებს: "ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო".