"ჩვენ ან მოვიგებთ ამ ომს, ან ყველა დავიხოცებით, მაგრამ არასოდეს ვიცხოვრებთ დემონის მონობაში! ვგრძნობთ, როგორ ლოცულობს საქართველო ჩვენთვის!" - ინტერვიუ უკრაინელ მხატვართან
ჩემს კიეველ უკრაინელებზე ბევრჯერ დამიწერია, მოყოლებული იმ დღიდან, როდესაც 2010 წელს, პირველად შევხვდი თბილისში, ქაშვეთის ტაძრის ეზოში. თავად კი პირველად 2008 წელს ჩამოვიდნენ თბილისში, სამნი, არ დამიჯერებთ და, მათი მეგზური ერთ-ერთის - ანა კოჟინოვას წინასწარმეტყველური სიზმარი იყო, რუსეთ-საქართველოს შესაძლო ომზე, სიზმარი, რომელიც, სამწუხაროდ, ახდა. მას შემდეგ ლამის ყოველ წელს ჩამოდიან, უკვე მეგობრებთან ერთად, აქ ჰყავთ მოძღვარი, აქ იწერენ ჯვარს, აქ ნათლავენ შვილებს და ნათლიადაც ქართველები ჰყავთ. თავად მე ორი პატარა გოგონა მოვნათლე - ვერა და მარიამი, ვერას დედიკოს მეჯვარეც ვარ. შესაბამისად, მიმიხვდებით, რას შეიძლება განვიცდიდე, როდესაც უკრაინაში ასეთი საშინელი ამბები ხდება. ახლა დედები თავის პატარა შვილებთან ერთად კიევთან ახლოს, სოფელში იმყოფებიან, შედარებით სამშვიდობოს, თუმცა მათი ოჯახების წევრები კიევში დარჩნენ და მშვიდი დღეები, ცხადია, ვერავის ექნება. ჩემი ნათლულის - ვერას დედიკო მარია პოლიშჩუკი ნიჭიერი მხატვარი და შესანიშნავი ადამიანია. მაშასთან ინტერვიუს ჩაწერა მისივე ბოლო პერიოდის ნამუშევრებმა გადამაწყვეტინა - "ვედრება“, "უძლეველი“ და კიდევ ერთი ნახატი, ჯერჯერობით უსათაურო, ომების ნაყოფია, ხოლო პირველი მათგანის უკანასკნელი შტრიხები 2014 წელს სწორედ საქართველოში გაკეთდა. ყველა ნამუშევარს საკუთარი ისტორია აქვს, თუმცა მათზე საუბარი და ჩემს კითხვებზე პასუხების მოწერა მაშას ძალიან გაუძნელდა, - მიჭირს წერა, აზრების თავმოყრა... ვიწყებ და მაშინვე ვმძიმდები, მაგრამ ვწერ, ოღონდ ნელაო. და მაინც, მაშამ სიტყვა შეასრულა და ნახატების ისტორიას ომთან დაკავშირებული განცდების პარალელურად მოგვიყვება:
- ერთი მხრივ, ომი ძალიან მოულოდნელად დაიწყო, მეორე მხრივ კი, ქვეცნობიერად ვგრძნობდით, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა. ბოლო კვირების განმავლობაში ბევრი ჩვენგანი ნახულობდა შემაშფოთებელ სიზმრებს, ვრეაგირებდით ყველანაირ უჩვეულო ხმაზე. მაგალითად, ჩემი დაქალი ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად, დილის 4 საათზე უნებლიეთ იღვიძებდა და ფანჯარასთან მიდიოდა, კიევს ხომ არ ბომბავენო. ახლა უკვე ვხვდები, რომ ადამიანები გრძნობდნენ, რა მოხდებოდა, გრძნობდნენ ომის დაწყებას.

- ნახატი "უძლეველი“ ამ ომს მიუძღვენი?
- ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დავხატე. ეს გამოსახულება უცებ წამომიტივტივდა გონებაში და შეუძლებელი იყო, არ დამეხატა. როდესაც ვხატავდი, ვერც დავიჯერებდი, რომ ომი მაინც იქნებოდა. მაგრამ წარმოსახვა იმდენად ძლიერია, თითქოს, თავისით "გეხატინება“. მე მხატვარი ვარ და ჩემი ნამუშევრის სიტყვებით აღწერა ნაკლებად მეხერხება, სურათები თავად უნდა ამბობდნენ სათქმელს. რასაც სიტყვებით ვერ აღვწერ, მას სურათებად ვქმნი. "უძლეველის“ ქვედა ნაწილში ცეცხლმოკიდებული უკრაინის მიწაა გამოსახული, ზემოთ კი დედა-უკრაინა ლოცულობს; ქვემოთ ბოროტება მძვინვარებს, მაგრამ ნათელი გაიმარჯვებს, სინათლე ყოველთვის დგება, გაზაფხული ყოველთვის მოდის! ასე რომ, ამ ნახატში ზემოთ ნაჩვენებია, რომ ძახველი აყვავდა და მალე ინათებს კიდეც. მაშასადამე, უკრაინა უძლეველია, რადგან სინათლე ჩვენთანაა, ჭეშმარიტება ჩვენკენაა, ღვთისმშობელი ჩვენთანაა!
ახლა თავისუფლებისთვის დაუნდობელ ბრძოლაში ვართ, მაგრამ ჩვენთვის ეს არც უბრალოდ სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაა და არც მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, აქ ლაპარაკია მთელი ჩვენი უკრაინული სულის გათავისუფლებაზე ბოროტებისგან, იმ უიმედო სიბნელისგან, რომელმაც შებოჭა რუსული სულები, იმ დემონისგან, რომელმაც შეურაცხყო ყველა ადამიანური ღირებულება. როგორც უკრაინელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პოლიტიკოსი სვიატოსლავ ვაკარჩუკი ამბობს სიმღერაში "სხვისი ომი“- "და უკოცნიდნენ ხელებს სიცრუეს, მშვიდი ღამეები ანაცვალეს დღეებს", სიცრუეს შიშით არ ვეთაყვანებით, აღარ გვეშინია! ჩვენ ან მოვიგებთ ამ ომს, ან ყველა დავიხოცებით, მაგრამ არასოდეს ვიცხოვრებთ დემონის მონობაში! ამიტომ - ჩვენ უძლეველები ვართ!
ვიდრე "უძლეველს“ ვხატავდი, უკვე ახალი სახეები ჩნდებოდა გონებაში, მაგრამ მათი დასრულება ვერ მოვასწარი. ერთ-ერთი მათგანია - ღვთისმშობლის მზერა, რომელიც ჯერ არ დამისათაურებია. სხვათა შორის, ვერამაც გააკეთა მონასმები ამ ნახატზე. ღვთისმშობლის მზერა განჭვრეტს ტკივილებს, რომელიც ახლა დაგვატყდა თავს: როდესაც ბავშვები დაბადებამდე კვდებიან, ისინი კვდებიან დედის საშვილოსნოში, რომელიც დაბომბვაში მოჰყვა; როცა ქალებს ჭურვებისგან დასაცავად მხოლოდ საკუთარი სხეული აქვთ, დაბომბვის მომენტში ისინი სწორედ სხეულში იფარებენ შვილებს; როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ესვრიან ქმრებს და შემდეგ აუპატიურებენ მათ ცოლებს, გადარჩენილი გოგონები კი თავებს იპარსავენ და ტალახით იზელენ იმ იმედით, რომ მოძალადეებს შეეზიზღებათ და აღარ შეეხებიან მათ; როცა ყველგან მშვიდობიანი მოსახლეობის საფლავებია; როცა ბავშვები იძულებულები არიან, დღედაღამ იმალებოდნენ ცივ, ბნელ სარდაფებში, საკვებისა და წყლის გარეშე... არ ვიცი, როგორ შეიძლება გადაიტანო ეს საშინელება... მაგრამ... ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი სამხედროებით, ისინი ჩვენთვის სინათლის მეომრები არიან! ახლა სიმამაცეა საჭირო, რომ გამარჯვების ნათელი დაგვიდგეს! ახალი სამყარო ტკივილებით იბადება! ვიცი, რომ ფერფლიდან აღვდგებით და ერის არნახული ძალისხმევითა და სილამაზით გავბრწყინდებით! Все буде Україна! Бо з нами Бог! - უკრაინა მუდამ იქნება! რადგან ღმერთი ჩვენთანაა!


ჩემს ვერას ვასწავლი, რომ მოკლე ლოცვით ყოველდღე მადლობა გადაუხადოს უფალს და წარმოთქვას - "დაე, სამყაროში ყველაფერი კარგად იყოს“, ვასწავლი, ყოველდღე იხაროს მზის სხივებით, გედებით, რომლებიც ჩვენს მდინარესთან მოფრინდნენ და ბებიის გამომცხვარი პურის არომატით. ვიმედოვნებ, რომ გაზაფხული გამარჯვებასაც მოგვიტანს. ამ სტრიქონებს გწერ და ჩემს ფანჯარასთან ტრაქტორი მიდის - ადამიანებმა მიწის დამუშავება დაიწყეს... ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ! გამარჯვება ახლოსაა. დიდება უკრაინას, დიდება მარად!