რეკლამა

"ავარიაში მოვყევით და კლინიკაში დადგინდა, რომ სამი ნაყოფი იყო" - ვინ არიან იტალიაში დაბადებული 3 ტყუპი ბიჭის მშობლები

"ავარიაში მოვყევით და კლინიკაში დადგინდა, რომ სამი ნაყოფი იყო" - ვინ არიან იტალიაში დაბადებული 3 ტყუპი ბიჭის მშობლები
  • 585
რეკლამა


22 თებერვალს იტალიის მედიამ საზოგადოებას აცნობა სამი ტყუპი ძმის დაბადების ამბავი და ამის ამსახველი ამაღელვებელი ვიდეოკადრებიც გაავრცელა. მალევე გაირკვა, რომ რეჯო-კალაბრიაში დაბადებული სამი ტყუპი - ქართველები არიან. ბელა ბუმბეიშვილსა და მიშა ვაშაყმაძეს გაბრიელი, მატეო და დემეტრე შეეძინათ.
ტყუპის დაბადების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა და მშობლების ამ დიდ სიხარულს უამრავი ადამიანი შეუერთდა. ყველა ულოცავს წყვილს შვილების დაბადებას. როგორც გავარკვიეთ, ახალდაბადებულ ძმებს უფროსი დაიკო ჰყავთ.
ახალშობილები და დედა თავს კარგად გრძნობენ. იტალიაში ბავშვების მამას - მიშიკო ვაშაყმაძეს დავუკავშირდით და გახარებულმა მამამ გვიამბო, თუ როგორი ბედნიერია. არც ის დაუმალავს, რომ 9 თვის განმავლობაში მუცლად მყოფი ერთ-ერთი ბიჭის სქესი არ ჩანდა და სამიდან ერთი გოგონა ეგონათ, ამიტომ, თურმე, გოგონასთვის ტანსაცმელიც კი ჰქონდათ წინასწარ ნაყიდი.


ბელა და მიშა ქუთაისიდან არიან, იტალიაში წლების წინ წავიდნენ და წყვილმა 4 წლის წინ იქორწინა.
მიშიკო ვაშაყმაძე, ბავშვების მამა:
- 22.02.2022 წელს დაიბადა ჩემი სამი ბიჭი, დილის საათებში, თითოწუთიანი შუალედით. ერთი 10:07 წუთზე გაჩნდა, 2 კილოგრამი და 500 გრამი, მეორე - 10:08 წუთზე, 2 კგ. და 600 გრამი დაიბადა, ხოლო მესამე - 10:09 წუთზე, 2.700 კგ.
ვიცოდით, რომ სამი ტყუპი გვეყოლებოდა, მაგრამ არ ვიცოდით მესამეს სქესი და ესეც სურპრიზი იყო ჩვენთვის. 9 თვის განმავლობაში 7-ჯერ იყო მეუღლე ექოსკოპიაზე მისული, მაგრამ ყოველთვის ერთმანეთზე გადაფარებულები იყვნენ და სქესის დადგენა ჭირდა, არც ერთხელ არ გამოჩნდა. რადგან ექიმმა პირველ ექოსკოპიაზე თქვა, მგონი, გოგონააო, ჩვენც გვეგონა, რომ ორი ბიჭი და ერთი გოგონა გვეყოლებოდა, ამიტომ შესაბამისი ტანსაცმელი ვიყიდეთ. ბოლო წუთამდე ასე გვეგონა და სახელებიც კი შერჩეული გვქონდა.
მეუღლემ რომ იმშობიარა, ექიმმა მითხრა, მესამეს რა დავარქვათო, მე ვუთხარი, მეუღლემ იცის, რაც უნდა დავარქვათ, სახლები შერჩეული გვაქვს-მეთქი, მაშინ მითხრა, მესამეც ბიჭიაო. გამიკვირდა და უზომოდ გახარებული ვარ, საოცარი გრძნობაა. არაჩვეულებრივია. ისეთ ემოციებში ვარ, ხანდახან ვზივარ და ჩემთვის ვიცინი, ისეთი ბედნიერი ვარ. ექიმს ვუთხარი, თვითონ რაც უნდა, მესამესაც ის დაარქვას-მეთქი. დაიბადნენ დემეტრე, მატეო (იგივე მათე) და გაბრიელი (22 თებერვალს ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეა).
მშობიარობის მერე საშუალება მომეცა, მენახა ჩემი შვილები და ვიდეოც გადავუღე. პირბადე მეკეთა და ახლოს მაინც არ მივსულვარ, ვუყურებდი ჩემს შვილებს და ძალიან ბედნიერი ვარ.
- დაგეგმილი იყო საკეისრო კვეთა?
- მეუღლე კარგად გრძნობდა თავს. ძალიან აქტიურად იყო ბოლომდე, ერთად ვსეირნობდით, სიმძიმეს არ გრძნობდა და კარგად იყო, მაგრამ ექიმმა მიიღო საკეისრო კვეთის გაკეთების გადაწყვეტილება. ბიჭები ძლიერები არიან, ინკუბატორში ყოფნაც არ დასჭირვებიათ. 8 თვეს გადასცდა 5 დღით და გაუკეთეს საკეისრო კვეთა, ჩვენ გვინდოდა კიდევ 10 დღე გაგვეჩერებინა ნაყოფი, მაგრამ ექიმი შეშინდა, ძალიან გაიზრდებიან და არის საშიშროება, რომ ერთმანეთი მოგუდონ ან უცებ დაეწყოს მშობიარობაო, ამიტომ არ გარისკა და გაუკეთა საკეისრო კვეთა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა.
274361279-682754109432502-5500946992835323869-n-1645819946.jpg
- ელოდით, რომ იტალიური მედიით გაშუქდებოდა ეს ამბავი?
- ტელევიზიები ასეთ რამეს აქ დიდ ყურადღებას აქცევენ, მით უმეტეს, სამი ტყუპი ხშირად არ იბადება, თან - ბიჭები. ჩვენ სადაც ვართ, იმ ქალაქში სამი წელია, სამი ტყუპი არ დაბადებულა. ექიმმა წინასწარ გვითხრა, რომ იქნებოდა მედიის ინტერესი და თუ ვიქნებოდით თანახმა, რომ გაშუქებულიყო. რა არის აქ საწინააღმდეგო? პირიქით, სასიამოვნოა, როდესაც ვიღაცას შენი ბედნიერება უხარია. ვიცოდი, იტალიური მედიის დაინტერესება რომ იქნებოდა, მაგრამ საქართველო თუ ასე დაინტერესდებოდა და გაშუქდებოდა, სიმართლე გითხრათ, არ მეგონა. ძალიან სასიამოვნოა და ძალიან მიხარია, რომ ჩემი სიხარული სხვასაც გაუხარდება.
- რატომ ფიქრობდით, რომ ქართული მედია დატოვებდა ყურადღების მიღმა ამ ფაქტს?
- არ მაინტერესებს პოლიტიკა, მაგრამ იმდენად ჭამს ხალხი ერთმანეთს, ისე არიან შეცვლილი ადამიანები, რომ არ მეგონა. პანდემიამდე ვიყავი საქართველოში ჩასული და ვერ ვცნობდი ხალხს, მათ აზროვნებას. არ ვიცი, მე შევიცვალე თუ ისინი შეიცვალნენ, ან შეიძლება აქედან, შორიდან ვხედავ ასე. ისეთ რამეს უკეთებენ ერთმანეთს, წარმოუდგენელია, არ შეიძლება ადამიანმა ადამიანს ცუდი გაუკეთო. არადა, ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, თვალს დახუჭავ და ბავშვობის წლები აღარ გახსოვს, კიდევ თვალს დახუჭავ და ეს პერიოდიც აღარ გემახსოვრება. რა იქნება, ადამიანმა არ იცის, ამიტომ ჯობია, სანამ ვართ, ვიცხოვროთ სიყვარულით, სიხარულით და გვიხაროდეს სხვისი ბედნიერება და წარმატება.
- თქვენი სიყვარულის ამბავიც გვიამბეთ, როგორც ვიცი, ორივენი ქუთაისელები ხართ, ხომ?
- დიახ, ორივე ქუთაისელები ვართ. დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში. საქართველოდან ერთმანეთს ვიცნობდით, კარგად, მეგობრულად, ვიცოდი, რომ ჩამოყალიბებული ადამიანია. მოხდა ისე, რომ ბელა წამოვიდა ევროპაში სამუშაოდ, როგორც ხდება ხოლმე, ბანკები, ვალები, ჩვენი ხელფასით ვერ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა, რომ გავაკეთოთ. ამიტომ წამოვიდა იტალიაში, 2 წლის შემდეგ კი მეც მომიწია წამოსვლამ. მანამდე კადეტთა ლიცეუმში ვმუშაობდი, 2 წელი, ჯარში ვიყავი, აგვისტოს ომის მონაწილე ვარ და ყოველთვის ვიდექი ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე. ჯარში ყველას პატივს ვცემდი და ყველა პატივს მცემდა, ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე, უბრალოდ, ვხედავდი, რომ წინსვლა არ იყო, არადა, სულ ვფიქრობ წინსვლაზე, არ ვარ ამპარტავანი. ჩემზე ჯობია სხვამ ილაპარაკოს, ერთი კი ფაქტია, მიყვარს წინსვლა, 24 საათიდან 14 საათი რაღაცას უნდა ვაკეთებდე. საბოლოოდ, წამოვედი, ვიფიქრე, ჩემს მომავალს მივხედავ-მეთქი. თავიდან პოლონეთში ვიყავი და იქ სულ სხვა სიტუაცია იყო, მერე გადავედი გერმანიაში, არ ვაპირებდი იქ ჩაბარებას, იქ რომ ჩაბარდები, ვერ მუშაობ, ჩაკეტილი ხარ ოთახში და ეს არ შემიძლია. გადმოვედი იტალიაში და წლებია, აქ ვარ. აქ დავუკავშირდი ბელას, ვნახეთ ერთმანეთი და 4 წლის წინ გადავწყვიტეთ დავოჯახებულიყავით.
- როგორც ვიცი, ავარიაში მოყევით და მაშინ გაიგეთ, რომ ბელა ტყუპს ელოდებოდა...
- მეგობრის დის ქორწილში მივდიოდით, ცენტრალურ გზაზე მოულოდნელად, დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა რომ დაგვეჯახა. არ მივდიოდით ჩქარა, მარჯვენა ზოლში, პირდაპირ შემომასკდა უკნიდან და ნახევარი მანქანა ჩაიღუნა. უკან ორი ადამიანი იჯდა, მათგან ერთს მოტეხილობა ჰქონდა, ჩემს მეუღლეს ნეკნები ჰქონდა გაბზარული და სამი თვე იწვა, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მაშინ კლინიკაში უთხრა, ორსულად ვარო და იქ დადგინდა, რომ სამი ნაყოფი იყო. ეს რომ გაიგო, მერე აღარც წამალი მიუღია, ტკივილების მიუხედავად, მართლაც იმდენი იწვალა და იმხელა ძალა გამოიჩინა, წარმოუდგენელი. საბედნიეროდ, დღეს ყველაფერი კარგადაა. გაჩნდა ჩვენი სამი შვილი. მე ვმუშაობ, საკუთარი ხელების და თავის იმედი უნდა გქონდეს ადამიანს.
274011327-1696860200645163-3180419691083252863-n-1645820015.jpg
- რამდენად რთულია სამუშაოს პოვნა ქართველებისთვის?
- მამაჩემი ხელოსანი იყო და, სამწუხაროდ, 6 თვის წინ, ახალგაზრდა გარდაიცვალა. აკეთებდა ყველაფერს, რაც ხელობას ეხება და ბავშვობიდან ვსწავლობდი მისგან, დავყავდი და მასწავლიდა ხელობას. სახლის აშენებისას, ძირიდან ბოლომდე ვაკეთებ ყველაფერს და დღეს ეს აქ ძალიან გამომადგა, ამას ვაკეთებ ევროპაში, ვშრომობ. მამა სულ მეუბნებოდა, რაც არ უნდა ისწავლო, ხელობა სულ გამოგადგებაო. მასწავლიდა ცხოვრებას, როდის რა გამეკეთებინა. ჩემი დიდი მრჩეველი იყო. შრომა არ მეთაკილება, ყველაზე მეტად ის გამომადგა, რასაც მამა მირჩევდა და მეუბნებოდა. თავის დამკვიდრება ყველგან რთულია, გააჩნია, როგორ მოირგებ შენ, როგორი ხასიათით მიუდგები, მთავარია, შრომა არ გეთაკილებოდეს და ყველაფერს მიაღწევ ადამიანი.
პ.ს. ჩვენც ვუერთდებით ამ წყვილის დიდ სიხარულს და იტალიაში დაბადებულ სამ ქართველ ვაჟკაცს ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ.

ყველა სიახლის ნახვა
მსგავსი სიახლეები