რეკლამა

მე ვარ მარიამ ტატანაშვილი... 2021 წლის 15 იანვარს ვარკეთილის ხიდებთან ტრაილერს დავეჯახეთ... შეყვარებულმა ასეთ მდგომარეობაში რომ მნახა, ვერ გაუძლო და დამტოვა

მე ვარ მარიამ ტატანაშვილი... 2021 წლის 15 იანვარს ვარკეთილის ხიდებთან ტრაილერს დავეჯახეთ... შეყვარებულმა ასეთ მდგომარეობაში რომ მნახა, ვერ გაუძლო და დამტოვა
  • 983

ფეისბუქ გვერდი ქალები საქართველოდან ერთ-ერთი გოგონას შესახებ წერს, რომლის ცხოვრება 2021 წლის 15 იანვრის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და სრულიად საღსალამათი გოგონას ცხოვრება წამიერად, რადიკალური ცვლილებებისკენ წავიდა. მისი გეგმები მისი მეგობრები ამ შემთხვევამ შეცვალა.

"მინდა, მოვყვე ამბავს, რომელიც გადამხდა... 
გამარჯობა, მე ვარ მარიამ ტატანაშვილი, 20 წლის. 2021 წლის 15 იანვარმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება.  
2021 წლის 15 იანვარს, მეგობრებთან და ჩემს შეყვარებულთან ერთად წავედი წვეულებაზე ძველით ახალი წლის აღსანიშნავად. მეორე დღეს, იქიდან წამოსულები, ვარკეთილის ხიდებთან ტრაილერს დავეჯახეთ. მე უკანა სავარძელზე, შუაში ვიჯექი და დარტყმის ძალამ წინ გამისროლა. სიზმარივით მახსოვს ყველაფერი, ზუსტად ამ ერთმა საბედისწერო დარტყმამ შეცვალა ჩემი ცხოვრება... მახსოვს, მომიყვნენ, როგორ ვყვიროდი დარტყმის შემდეგ ,,ბექა, მიშველე!”-ს და შემდეგ კი - ,,მიშველეთ, თვალები მეწვის და ვერაფერს ვხედავ”-ს. ამის შემდეგ 2 კვირა ვიყავი კომაში, მერე ხელოვნური მართვის აპარატზე და, საბოლოო ჯამში, ორთვენახევარი დავყავი საავადმყოფოში.  
ჩემი ახალი რეალობა ასეთი იყო: სხეულის უამრავი დაზიანება მივიღე, მარჯვენა თვალი დავკარგე, მარცხენა თვალიდან მხოლოდ დიდ სინათლეს ვხედავ, მარცხენა ფეხის წვივის სამივე ძვალი მქონდა მოტეხილი, მარჯვენა ფეხის ხუთივე თითი, ხოლო მარცხენა ხელზე დავკარგე საჩვენებელი თითი, ყბა-სახის მრავლობითი მოტეხილობა მქონდა, ფილტვები კი დათრომბილი და უამრავი იარა სხეულზე.  
რეანიმაციაში ყოფნის დროს პერიოდულად მაფხიზლებდნენ და ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი, რა ხდებოდა ჩემ თავს, რადგან ავარიის მომენტები საერთოდ არ მახსოვდა. ვგრძნობდი, რომ ხელები ბინტებით მქონდა დაბმული ლოგინის სახელურებზე იმის გამო, რომ სხეულზე დამაგრებული მილები არ მომეძრო ტანიდან და, დიახ, 19 წლის იუბილეს რეანიმაციაში შევხვდი, უამრავი ტრავმით…  
როდესაც გამომაფხიზლეს და მკითხეს, ვიცოდი თუ არა, სად ვიყავი, რა თქმა უნდა, ვერაფერი გავიხსენე. მომხდარიდან ვხვდებოდი, რომ არ შემეძლო სიარული, ლაპარაკი, დანახვა... თუმცა ეს ყველაფერი ნორმალურად მეჩვენებოდა. მერე ამიხსნეს, რომ მოვყევი ავარიაში. საუბრის შემდეგ გონებაში აღვიდგინე ავარიის მომენტები და როდესაც გავაანალიზე ყველაფერი, რაც მოხდა და გავიხსენე, ვისთან ერთად ვიჯექი მანქანაში, ჩემი პირველი კითხვა იყო - ,,როგორ არიან დანარჩენები?'' ამაზე ამიტყდა ისტერიკული ტირილი. საკუთარ თავზე მეტად მათ მდგომარეობას განვიცდიდი. ამ ავარიის მსხვერპლი მხოლოდ მე აღმოვჩნდი და, უბრალოდ, საწყენია, რომ ყველამ დამტოვა იქ მყოფებიდან.  
მიუხედავად ყველაფრისა, ვდგავარ მყარად. იმდენად მყარად, რომ უკვე უამრავი ადამიანისთვის გავხდი მოტივაცია იმისა, რომ დაეძლიათ თავისი კომპლექსები და არ დანებებულიყვნენ. დიდი ხნის განმავლობაში მქონდა საკუთარ თავთან ბრძოლა, გამოვჩენილიყავი თუ არა სოციალურ ქსელში. ამის არანაირი სურვილი არ მქონდა. თუმცა დადგა ის დრო, როცა დამჭირდა უამრავი ოპერაცია, რომლებიც ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და რისი საშუალებაც ოჯახს არ ჰქონდა. ამიტომ, მომიწია პირველი ვიდეოს ჩაწერა.  
ამ კომპლექსის გადალახვაში დამეხმარა ,,დედების ფონდი”. თავიდან, ძალიან ცუდ კომენტარებს ველოდებოდი, რომ მე ვარ მახინჯი და ა.შ. თუმცა, საბედნიეროდ, და ჩემდა გასაკვირად, ხალხისგან წამოვიდა უამრავი სითბო და სიკეთე, რისი მადლიერიც ვარ. 
აქამდეც ხალხის დახმარებით მოვედი და მინდა, ასე მაინც გადავუხადო მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც თუნდაც 1 თეთრით დამეხმარა. ესეც მნიშვნელოვანია ჩემთვის და არა მარტო მატერიალურად, უამრავი ადამიანი მორალურად დამიდგა გვერდში თავისი უძვირფასესი სიტყვებითა და იმ ტექსტებით, რომლებსაც მწერდნენ. ზუსტად ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა, უფრო მეტი აქტივობა გამეკეთებინა სოციალურ ქსელში. 
ახლა თუ ვინმე დამისვამს შეკითხვას, თუ რა მინდა, პირველ რიგში, ჩემი პასუხი იქნება ის, რომ… ვხედავდე და მქონდეს მეორე თვალიც. ამისათვის საჭიროა გადანერგვები, რომელიც საქართველოში არ კეთდება და ვიცი, რომ ამას აკეთებენ გერმანიაში, თუმცა იქ წასვლა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც მე, ხალხის დახმარების გარეშე, არ მაქვს . მინდა, ვხედავდე და ვაკეთებდე იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს - ფოტოგრაფია, ხატვა, ვიზაჟი და უამრავი სხვა აქტივობა. 
ჩემი მიზანია, გავხდე პროფესიონალი ფოტოგრაფი, მქონდეს ჩემი ფოტოსტუდია და, რაც ყოველთვის იყო ჩემი ოცნება, ბევრი ფოტოაპარატი, განათებები, შტატივები, ფონები... რაც ფოტოგრაფიისათვის საჭიროა, ყველაფერი მქონდეს და შევძლო ჩემი ოცნების რეალობაში გადმოტანა.
ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ, ასევე მიხვდი იმას, რომ რთულ მომენტებში ვხედავთ ადამიანების ნამდვილ სახეებს... საბოლოოდ, ყველამ მიმატოვა. ყველა იმ მეგობარმა, რომლებიც ავარიამდე ჩემი მეგობრები იყვნენ და ავარიის შემდეგ გაქრნენ, შეყვარებულმა ასეთ მდგომარეობაში რომ მნახა, ვერ გაუძლო და დამტოვა. მე მაინც ვცდილობ, მას გავუგო. წარმოიდგინე, როცა გიყვარს ადამიანი და ხედავ, რომ ის ის აღარ არის, ვისაც იცნობდი: მრავლობითი მოტეხილობა, დეფორმირებული სახე, დაკარგული თვალი. ასაკითაც პატარა იყო და ვერ გაუძლო. რა თქმა უნდა, ცუდი რამ მოხდა, ასე რომ წავიდა, მაგრამ მე ხომ არ ვიცი, მის გულში რა ხდებოდა, რას გრძნობდა. არ უნდოდა ჩემთან ლაპარაკი და დარჩა ჩემი ცხოვრების ნაწილი ასე გაურკვევლობაში. მაშინ ძალიან მეწყინა, თუმცა თავიდანვე მქონდა გააზრებული, რომ მეპატიებინა. ზოგადად, ძალიან ემპათიური ადამიანი ვარ და ჩემს მდგომარეობაზე მეტად სხვის მდგომარეობაში შევდივარ. ახლა ხმები მომდის, რომ ბრაზდება, როცა ინტერვიუებში ვახსენებ, მაგრამ მე ჩემი ცხოვრების ისტორიას ვყვები, ეს ჩემი გამოცდილება და ჩემი პირადულიცაა.  
ახლა კი, ჩემი ცხოვრების უდიდესი გაკვეთილისა და ტრაგედიის შემდეგ, არიან ჩემ გვერდით ისეთი ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ ჩემი უამრავი შრამითა და დაზიანებული სახით. ვუყვარვარ უბრალოდ ისეთი, როგორიც ვარ და, ბოლოს, მინდა გთხოვოთ, დამეხმაროთ, დავუბრუნდე იმ აქტიურ და სიცოცხლით სავსე მარიამს, რომელიც მახსოვს… და რომელსაც ბევრი ოცნება ჯერ კიდევ აუხდენელი დარჩა. და კიდევ, მინდა ვთქვა ის, რომ არ დანებდეთ და გააგრძელეთ ბრძოლა: ჩვენ ყველაფერს შევძლებთ.''
ფოტო: სოფიო ლევადნაია
ავტორის შენიშვნა:
შეგიძლიათ, მარიამს გაჰყვეთ ფეისბუქზე მარიამის დღიური
ინსტაგრამზე @mariam_tatanashvilii 
ტიკ-ტოკზე @mariamtatanashvili13 
მარიამის დახმარების მსურველებმა, შეგიძლიათ, ისარგებლოთ შემდეგი ანგარიშის ნომრებით: 
#GE71TB7166645064300035  
ლეილა გერცი 
#GE62BG0000000162441132
 მარიამ ტატანაშვილი 
 გზავნილი Salome Kavta"

მსგავსი სიახლეები