რეკლამა

"ცოტა ეჭვიანობა საინტერესოს ხდის ცხოვრებას..."

"ცოტა ეჭვიანობა საინტერესოს ხდის ცხოვრებას..."
  • 292

"ცოტა ეჭვიანობა საინტერესოს ხდის ცხოვრებას..."
მომღერალი თამარ ალადაშვილი გულწრფელი და საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. წელს დატვირთული ზაფხული აქვს - 2 ივლისს ანსამბლ "თორდას" 10 წლის იუბილეა (ამ ანსამბლის ხელმძღვანელი გახლავთ), 30-ში კი საერთაშორისო გამოფენა, სადაც თამარის 2 ნახატი იქნება წარმოდგენილი.
- "ადამიანის სულის საიდუმლო მისი ბავშვობის ტკივილში იმალება. თუ ტკივილისთვის თვალის გასწორებას შეძლებ, მაშინ განკურნებასაც შეძლებ" (ზიგმუნდ ფროიდი).
- ბავშვობა გადამწყვეტ როლს ასრულებს პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში. დაახლოებით 12-14 წლამდე პერიოდი არის გარდამტეხი, როდესაც ვითარდები. მე მაგ ასაკში ყველა ადამიანის ქცევას თუ სიტყვას ვაკვირდებოდი და საკუთარ თავს სხვების ადგილას ვაყენებდი. მინდოდა, მივმხვდარიყავი, რატომ იქცეოდა კარგად ან ცუდად. სხვათა შორის, ამ თვისებამ ბევრი რამ მასწავლა.


- "რაც უნდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, პატიოსანს გულში მაინც ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს" (პეტიტსენი).
- საუკეთესო სიტყვებია მათ შორის, რაც შეიძლება ითქვას სამშობლოს შესახებ. ზუსტად ასეა ჩემთვის საქართველო. ამ პატარა მიწას სრულად ვიტევ გულში. ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ალბათ ყველას ჰქონია შანსი, დაეტოვებინა აქაურობა. არც მე გამიჭირდებოდა, რადგან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ საქართველო იმდენად განსაკუთრებულია, რომ ვერ დავთმე. შეიძლება წასვლაზე ფიქრი გამივლია გულში, მქონია ამის წინაპირობა, მაგრამ ვერასდროს წავედი! ერთი თვე გავატარე ამერიკაში და ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი. რა ვქნა, სხვა დამოკიდებულება მაქვს ამ მიწის მიმართ.
- "ომი არის უბედურება და დანაშაული, რომელიც მოიცავს ყველა უბედურებას და ყველა დანაშაულს" (ვოლტერი).
- ზუსტად ასეა, ომი ჩემთვის დიდი ბოროტებაა, რაც შეიძლება ადამიანმა მიწაზე აკეთოს და რომელსაც გამიზნულად სჩადიან. ზუსტად იციან, რა ზიანსაც აყენებენ ყველას: ადამიანებს, ქვეყანას, სულიერებას, მთელ სამყაროს... ალბათ თავიანთ თავს იმეტებენ მიწიერი ჯოჯოხეთისთვის.
tamar-aladashvili-1-1656587717.jpg
- "ყველაზე მხიარული ადამიანები ყველაზე სევდიანები არიან" (კონფუცი).
- ნაწილობრივ ვეთანხმები, მეც მყავს ასეთი მეგობრები, მაგრამ ისეთი მხიარულები და ხალასები არიან, შეუძლიათ, სხვაც კი გამოიყვანონ მდგომარეობიდან, ამას ყველაზე მეტად ვაფასებ. შეიძლება ფარულად ატარებენ სევდას, მაგრამ ცდილობენ მიჩქმალონ. პანდემიის პერიოდში უფრო ღრმად ჩავიხედე საკუთარ თავში, გავეცანი ფსიქოლოგიას, ეზოტერიკას და მივხვდი, ადამიანი თუ მოინდომებს, იყოს ბედნიერი და გარშემოც შექმნას მსგავსი ენერგეტიკა, ამას შეძლებს კიდეც. მეც ამას ვცდილობ.
- "მკაცრი, ულმობელი, ჭკვიანი მეგობარი არ მოგასვენებს, სანამ შეცდომას არ გამოასწორებ" (ბუალო).
- სწორედ ასეთი მეგობრებით ვარ ძალიან მდიდარი და მაგარი. რთული ცხოვრებისეული ეტაპები გავიარე, თითქოს იყვნენ ადამიანები, რომლებიც მგულშემატკივრობდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში საცერში გაიარა ამ ურთიერთობებმა და დამრჩნენ ისინი, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ გამოესწორებინათ ჩემი შეცდომები, თანაც ჩემივე ხელით. ეს ყველაზე დიდი რამეა, რაც მეგობარს შეუძლია გააკეთოს შენთვის. ბევრს არ მოსწონს შეცდომებზე მითითება, მე მგონია, რომ ეს კი არ მაკნინებს, პირიქით - მზრდის.
- "არ არსებობს უფრო მეტი სისულელე, ვიდრე სურვილი, ყოველთვის იყო ყველაზე ჭკვიანი" (ლაროშფუკო).
- ყოველთვის იყო სხვებზე ჭკვიანი - ეს სენია, რადგან ბევრს სჭირს და ვფიქრობ, კომპლექსების ბრალი უნდა იყოს. საქართველოში მაინც ყველას მოსწონს სხვისთვის ჭკუის სწავლება, მაგრამ არავინ ისმენს. მოკლედ, დამრიგებლები ბევრი ვართ, მომსმენები - ნაკლებად. არასდროს მაქვს სურვილი, იმაზე მეტად წარმოვიდგინო თავი, ვიდრე ვარ. რა თქმა უნდა, მინდა, მეტი ვიცოდე, მაგრამ ეს სულ სხვა რამეა.
- "პირველი სიყვარულისთანა მშვენიერ გრძნობას გული ვერასოდეს გამოცდის" (გოეთე).
- გააჩნია, რომელს დავარქმევთ პირველს. ჩემთვის სიყვარული ერთადერთია; ის არის პირველი, რომელიც უკანასკნელია. პირველი და ლამაზი ალბათ ის გრძნობაა, რომელიც გასწავლის ერთგულებას, ბევრს შეგაქმნევინებს და როგორც პიროვნებას, სრულყოფილს გაგხდის. ამიტომაც რჩება ეს გრძნობა შეუცვლელი. ასეთი პერიოდი დგას ახლა ჩემს ცხოვრებაში და მიხარია, რომ ასეთი ხანგრძლივი აღმოჩნდა.
aladashvili-tamar-1656588085.jpg
- "გიყვარდეს - ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით" (ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი).
- ზუსტად იმავე მიმართულებით ვერ ივლი, არსებობს პირადი სივრცე, რომელიც მას თავისი უნდა ჰქონდეს, მე - ჩემი. ყველაფერში ერთნაირი ხედვა ვერ გვექნება. დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს, თუმცა არასდროს მიცდია იმ ადამიანის შეცვლა, ვინც მიყვარს - მივიღე ისეთი, როგორიც არის. არც მას უცდია ჩემი შეცვლა. ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ ერთმანეთი მივიღოთ ისეთებად, როგორებიც ვართ. მგონია, რომ უკეთესი გამხადა სიყვარულმა, რადგან ის უფრო მეტად შემიყვარდა და მანაც უფრო მეტად შემიყვარა.
- "მე ვარ აქ უფროსი, თქვა კაცმა და მაგიდის ქვეშ დაჯდა" (ხალხური).
- ისიც ხომ თავისი სივრცეა, სადაც უნდა, იქ დაჯდება. უფროსობა იმდენად უყვართ, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან იუფროსებენ, თუნდაც მაგიდის ქვეშ ისხდნენ. უფროსობამ მიჩვევაც იცის, მეც ასე ვარ - რამეს ვაფუჭებ თუ ვაკეთებ, პასუხისმგებლობასაც თვითონ ვიღებ, არ მიყვარს ჩემს საქმეში რომ ერევიან და არც სხვის საქმეშიც ვერევი. ამას გულწრფელად ვამბობ. სხვისი გაკრიტიკებაც კი არ მომწონს, რადგან ვთვლი, რომ ყველას თავისი აზრი აქვს და თავისი გადმოსახედიდან აფასებს მოვლენებს.
- "ეჭვიან კაცს საკუთარი თავი უფრო უყვარს, ვიდრე საყვარელი არსება" (ლაროშფუკო).
- ჩემზე ამბობენ, ეჭვიანიაო, მაგრამ ხომ იცით, ეჭვიანები არასდროს აღიარებენ ამას. საერთოდ, ძალიან მესაკუთრე ვარ. რატომ არ მიპასუხე? რას აკეთებდი? - ასეთი კითხვები მჩვევია. ვინც მიყვარს, სულ სხვა სფეროშია, მაგრამ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. არ მიგრძნია, რომ ის ჩემ გამო ეჭვიანობს. ისე, ცოტა ეჭვიანობა საინტერესოს ხდის ცხოვრებას.
- "მუსიკა გამოხატავს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ და იმას, რაც არღვევს სიჩუმეს" (ვიქტორ ჰიუგო).
- მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია სამყარო ისევე, როგორც მზის ან წყლის გარეშე. მე თვითონაც ვქმნი მუსიკას და საკუთარშიც კი აღმოვაჩინე ბუნების გავლენა. ახლა და ახლა ვაცნობიერებ, რა სიკეთე გამოიმეტა სამყარომ ჩემთვის - მომცა შესაძლებლობა, ჩემი სულიერი მდგომარეობა მუსიკით გადმომეცა, მადლობა მას ამისთვის.
tamar-aladashvili-3-1656587805.jpg
- "რამდენი ვარსკვლავიცაა ცაზე, იმდენი ტყუილია ქალის გულში" (ჰიპოკრატე).
- არ ვეთანხმები ჰიპოკრატეს იმიტომ, რომ კაცები უფრო მეტს იტყუებიან. მე არასდროს მომაფიქრდება ისეთი ტყუილი, რასაც კაცი მილიონჯერ გაიფიქრებს დღის განმავლობაში. ალბათ ეწყინებათ, მაგრამ ასეა, ჭორაობაშიც კი გვჯობიან ქალებს.
- "დაზოგვა დიდი შემოსავალია" (ციცერონი).
- საუკეთესო დამზოგველი ვარ. ყოველთვის ვიცი, რა მჭირდება, ეს ბავშვობიდან გამოვიმუშავე. ვისწავლე იმის გაცნობიერება, რა მჭირდებოდა, რა არ მჭირდებოდა. იყო პერიოდი, როდესაც ოცნებად მქონდა მეხატა. არ გვქონდა საშუალება, ხატვა მესწავლა ან თუნდაც მასალა გვეყიდა, მაგრამ როდესაც გავიზარდე და შევძელი, ჩემი საქმე ამეწყო, ეს ოცნებაც ავისრულე. ახლა ისეთ რამეს გეუბნებით, მხოლოდ მეგობრებმა რომ იციან - უკვე 20-მდე ტილო მაქვს, რამდენიმე გამოფენაშიც ვმონაწილეობდი, ამ თვის ბოლოს კიდევ ერთ საერთაშორისო გამოფენაზე ჩემი 2 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, ერთ-ერთ აუქციონზე გასაყიდადაც გაიტანეს ჩემი ერთი ნახატი. ეს ყველაფერი მახარებს. მადლობა სამყაროს, რომ ბავშვობის ოცნება ამიხდა.
- "ადამიანს შეიძლება ბევრი შეცდომა აპატიო, მაგრამ არსებობს ერთი კატეგორია, რომელიც პატიებას არასდროს იმსახურებს, ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი კატეგორია - მოღალატეები არიან. ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს პატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად განმეორდება - ეს ადამიანური გრძნობების ყველაზე აშკარა კანონია" (მარკუს ავრელიუსი).
- სამწუხაროდ, ღალატის გამეორება მართლაც, ადამიანური გრძნობების კანონია. მქონდა ასეთი შემთხვევები, ვფიქრობდი, იქნებ შეეშალა და გაიაზროს-მეთქი. ამიტომ მიმიცია მეორე შანსი, გამოესწორებინათ შეცდომა, მაგრამ ალბათ ძალიან "პატარები" ვართ იმისთვის, რომ მივხვდეთ, რა დავაშავეთ. პატიება შემიძლია ერთხელ, მაგრამ მეორედაც რომ ასე იქცევა, ვწყვეტ ხოლმე ურთიერთობას.
- "ეცადე, გახდე არა წარმატებული, არამედ ღირებული" (აინშტაინი).
- კარგია და დასაფიქრებელი ჭკვიანი ადამიანის ნააზრევი. ყველაფერი მაინც ღირებულებებზეა... თუ ღირებული არ ხარ, რასაც უნდა მიაღწიო, მაინც ბუტაფორია იქნები. საკუთარ თავთან დარჩენილი მაინც ხომ გრძნობ, ვინ ხარ და როგორი.
tamar-aladashvili-2-1656587756.jpg
- "სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს, არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი - აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა" (გურამ დოჩანაშვილი).
- ამ სამყაროს საწრთობს ვეძახი. ადამიანები იმისთვის არ ვართ მოსულები ამქვეყნად, რომ რაღაც დავამტკიცოთ. იმისთვის მოვედით, რომ სულიერად გავიზარდოთ. მგონია, რომ დედამიწაზევეა სამოთხეც და ჯოჯოხეთიც და არჩევანი ჩვენზეა. გონება კი იმიტომ მოგვცა ღმერთმა, რომ ეს ყველაფერი გავიაზროთ. არასდროს მაშინებს ფიქრი სიკვდილზე, რადგან მგონია, რომ სიკვდილი გათავისუფლებაა, სულის გათავისუფლება!

ჟურნალი "გზა"