რეკლამა

სამცხე-ჯავახეთის კარტოფილს გემო უცხოეთშიც გაუგეს

სამცხე-ჯავახეთის კარტოფილს გემო უცხოეთშიც გაუგეს
  • 191



სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასიამოვნო სიახლე აქვს: კარტოფილის ექსპორტი, რომელიც თითქმის ჩამკვდარი იყო, მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაძლოა დიდ რიცხვებთან არ გვქონდეს საქმე (მესხეთ-ჯავახეთიდან ექსპორტით 35 000 ტონა კარტოფილი გავიდა, სულ რეგიონში მოსავალი კი 250 ათასი ტონაა), მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ კულტურის ექსპორტი დაიძრა და 2021 წელს შვიდჯერ მეტი იყო, ვიდრე შარშან. ექსპორტიორები, ძირითადად, აზერბაიჯანელები არიან, რომელთაც ხარისხიანი მესხური კარტოფილი აზერბაიჯანში სიამოვნებით წაიღეს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში კარტოფილის სამშობლოდ ცნობილ მესხეთში კარტოფილის მოყვანა არ შემცირდება. გვესაუბრება რეგიონის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო-სამეცნიერო სამსახურის სპეციალისტი მამუკა ქამარაძე.
მამუკა ქამარაძე:
- იმედი გესახება, როცა ხედავ, რომ კარგი პროდუქციის წარმოება საკუთარ ქვეყანაშიც შეიძლება, მით უფრო, რომ კარტოფილი ჩვენს კულტურაში მეორე პურად ითვლება. ჩვენს რეგიონში კარტოფილს ლამის ამ კულტურის შემოტანის პირველივე წლებიდანვე თესავდნენ, აქ მისთვის საუკეთესო ნიადაგია. თუმცა მოვლის კულტურა მაინც დაბალი იყო! ბოლო წლებამდე ფერმერებმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ კარტოფილის მოსავლის სრული დატვირთვით მიღებას ნაკვეთმონაცვლეობა სჭირდება. არ შეიძლება ერთსა და იმავე ნაკვეთზე კარტოფილი სამჯერ მეტად დაითესოს, ეს მოსავალს ამცირებს. ბოლო წლებში მოსავლიანობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა უცხოეთიდან ახალი ჯიშების შემოტანამ. ეს ჯიშები ჰიბრიდული არ არის, სათესლე კარტოფილს დაახლოებით სამი წლის განმავლობაში იძლევა. კარტოფილის ექსპორტის გაზრდამ, ცხადია, თესვის სურვილიც გააძლიერა, შარშან, მაგალითად, 173 000 ჰექტარზე გვქონდა კარტოფილი დათესილი.

ჩვენს მთებში საკმაო ფართობია კარტოფილის დასათესად. მართალია, ქვაღორღიანი ნიადაგია, მაგრამ კარგი ხარისხის კარტოფილი მოდის. თუმცა ძნელია მოსავლის აღება. ტექნიკით ვხნავთ და ვთოხნით, მაგრამ ამოღება გვიჭირს, ქვაღორღიანი ნიადაგის გამო ტომრებში ქვებიც ცვივა.
- ესე იგი, ნიადაგი მიწის დამუშავების დროს უნდა გასუფთავდეს, მეეჭვება, რომ დაუმუშავებელ ნიადაგში სადმე რაიმეს თესავდნენ.
- ჯერ ვერ მივედით იმ დონემდე, რომ ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულოთ, მით უფრო, რომ მუშახელის ნაკლებობაა. გაგიკვირდებათ, მაგრამ შარშან ფერმერებმა მუშახელი რომ ვერ იშოვეს, კარტოფილის ამოღებაზე ქალებს დღეში 100 ლარს უხდიდნენ. ამ დროს, ცხადია, მოგება ნაკლები რჩება. თუმცა კარტოფილზე ისედაც ნაკლები რჩება მოგება, რადგან 1 კილოგრამი კარტოფილის ღირებულებიდან მოგება 40 თეთრზე მეტი არ არის. მაგრამ თუ ნიადაგს ისე დავამუშავებთ, რომ კარტოფილი გაწმენდილი ნიადაგიდან ამოვიღოთ ტექნიკით, მაშინ ეს კულტურა ბევრად მომგებიანი გახდება.
როგორც უნდა იყოს, კარტოფილის თესვა ჩვენში დღესაც აქტიურად გრძელდება. განახლდა კარტოფილის შესანახი საწყობებიც. ადრე სარდაფებში ინახავდნენ, ახლა ვენტილაციით აღჭურვილი ახალი საწყობები აშენდა. კარტოფილის ლპობის საფრთხის მომტანი ტენიანობა საწყობებში სწორედ ვენტილაციით უნდა შემცირდეს. კარტოფილის შესანახი სათავსი მშრალი, ბნელი უნდა იყოს. სარდაფებში კარტოფილს დღეს უკვე მეკარტოფილეების ძალიან მცირე ნაწილი ინახავს, იქ ლპობით გამოწვეული ზარალიც შედარებით დიდია. ამ კულტურის შესანახად ჯერ სამაცივრე მეურნეობები არა გვაქვს, თორემ ძველ კარტოფილს აგვისტოს ჩათვლით გამოვიყენებდით, ეს კი მოგებას გაზრდიდა.
- რამ უკარნახა აზერბაიჯანელ ექსპორტიორებს, რომ თავიანთ ქვეყანაში კარტოფილი საქართველოდან შეეტანათ? როგორც ცნობილია, მათ ამ პროდუქციით თურქეთი ამარაგებდა.
- ქართული კარტოფილის ხარისხმა უკარნახა. ჩვენი კარტოფილი ყოველთვის გემრიელი იყო. თუმცა, როგორც ხდება, პირველად ექსპორტის ამ ხაზზეც იყო არასასიამოვნო ლაფსუსები - ზოგიერთმა მეწარმემ როცა შეამჩნია, რომ ექსპორტიორები ტომრებში ჩაყრილი პროდუქციის ხარისხს ზედმიწევნით არ ამოწმებდნენ, ადგნენ და ტომრებში უხარისხო პროდუქცია ჩაუყარეს. როდესაც აზერბაიჯანელები უკან დაბრუნდნენ და ამ სოფლებში აღარ შევიდნენ, მოსახლეობა თავის შეცდომას მიხვდა და პროდუქციას ახარისხებენ. გამჭვირვალე პარკებითაც ყიდიან, რომ კლიენტი ხარისხში დარწმუნდეს.
- კარგი სათესლე ყოველთვის ძვირი ღირს. ამ სეზონზე მისი ფასი როგორია?
- როგორც ადრე, ძალიან ძვირი. წლეულს ხარისხიანი სათესლე კარტოფილი, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, 1 კილოგრამი 4 ლარი ღირს. სამაგიეროდ, ფერმერები გარანტირებული არიან, რომ ხარისხიანი თესლით კარგ მოსავალს აიღებენ. ამ კულტურის მოვლა ძნელი არ არის, როგორც ვთქვით, ნიადაგს უკვე ტექნიკით ვთოხნით და ეს მუშაობას გვიიოლებს. ჩვენს მთებში კარტოფილი ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მეტრის სიმაღლეზე ითესება, ამიტომ აუცილებელი გახდა გზების გაყვანა. აბსოლუტურად ყველა ნაკვეთს აქვს მისადგომი.
- დაავადებებზე რას იტყვით?
- ცნობილი კარტოფილის დაავადებები მთებში ნაკლებად არის, შემჩნევისთანავე ისპობა და ამდენად არ არის პრობლემა.
- ყველა მეკარტოფილე ფერმერი ვერ იქნება და მოვლის წესებსაც ზედმიწევნით ვერ დაიცავს. ოჯახისთვის კარტოფილს ბევრი თესავს, თუმცა ისეთ მოსავალს ვერ იღებს, როგორიც სურს. ყველა ვერც 4 ლარს გადაიხდის კილოგრამ თესლში. "მოხალისეებმა" რა უნდა გააკეთონ კარტოფილის მოსავლის მისაღებად?
- თესლი მართლაც მთავარია კარტოფილის მოყვანისათვის. თუკი ძვირ თესლს ვერ ყიდულობთ, დასათესად ხარისხიანი, კვერცხის ზომის კარტოფილი მაინც უნდა შეარჩიოთ. არ უნდა დათესოთ ორმოებშიც, რადგან კარტოფილის ბოლქვები ორმოებში ვერ იშლება და მოსავალიც ნაკლებია. დათესეთ კვლებში, დაახლოებით ერთი ნაბიჯის დაშორებით და როდესაც 15-20 სანტიმეტრი გახდება, აუცილებლად გათოხნეთ. მცენარის ძირებს მიწა ისე უნდა შემოაყაროთ, რომ თითქმის მთლიანად დაიფაროს.



ყველა სიახლის ნახვა