"ქამრები აწყდა და მიცვალებული გადაისროლა... და რას ხედავენ, ქალმა ლაპარაკი დაიწყო. გაყინული ყოფილა" - ექიმი ბელა მეტრეველი აფხაზეთის ომის სულისშემძვრელი და უცნობი ისტორიებით
ომის ქარ-ცეცხლი საქართველოში უამრავ ადამიანს აქვს გამოვლილი. საკუთარ ტყავზე არაერთმა გამოსცადა ომის კოშმარი. იმას, რასაც ახლა მოგიყვებით, აღელვებისა და ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ. საუბარია ექიმზე, რომელიც სოხუმის ჰოსპიტალში ბომბების ქვეშ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა.
იქ გაკეთებულ ბოლო ოპერაციაზეც, რომელიც ქირურგებმა - გია შერვაშიძემ, გურამ ტორჩინავამ და მალხაზ მირცხულავამ ჩაატარეს. ჩვენი რესპონდენტი, ანესთეზიოლოგი ბელა მეტრეველი თავის კოლეგა თემურ ბარკალაიასთან ერთად, მათ გვერდით იდგა. ქალბატონი ბელა გვეუბნება, რომ ამ ადამიანებიდან დღეს ცოცხალი არც ერთი აღარ არის.
ბელა მეტრეველი სამედიცინო სამსახურის თადარიგის ოფიცერია, გინეკოლოგი-რეპროდუქტოლოგი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მედიცინის დოქტორი, ერთ-ერთი კლინიკის დამფუძნებელი და კლინიკური ხელმძღვანელი. მას უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ამ დღეებში სულ დეტალებში გაუცოცხლდა აფხაზეთის ომის დროს გადატანილი მძიმე დღეები...
- ის, რაც აფხაზეთის ომში მოხდა, ბოლომდე ჩვენს მეგობარ აფხაზებსაც არ ჰქონდათ დაშვებული და წარმოდგენილი. რომ შესაძლებელი იყო, ერთმანეთისთვის ავტომატი ასე მიგვეშვირა. ექიმები რა თქმა უნდა, სიკვდილ-სიცოცხლის კონვეიერთან, თითოეული ჯარისკაცის გადასარჩენად მყარად ვიდექით. მიუხედავად ეროვნებისა, ყველა დაჭრილს ვეხმარებოდით. მოჰყავდათ ქართველიც, აფხაზიც, რუსიც, სომეხიც, ბერძენიც. გვარს არავის ვეკითხებოდით და არც იმას, ფრონტის რომელ მხარეს იყო დაჭრილი.
ჩვენს მოვალეობას ვასრულებდით, ვიბრძოდით მათი სიცოცხლის გადასარჩენად.
- უკრაინაში დღეს იგივე ხდება... რუსეთი ბომბავს საავადმყოფოს, ესვრის დაუცველ ადამიანებს...
- დეჟავიუ დამემართა. გულის ყველა თაროზე შემოდებული პატარ-პატარა ამბავი, რომელსაც ადრე ჩანაწერებადაც ვაგროვებდი, გამიახლდა. ის ჭრილობები ნელ-ნელა იხსნება და თავს მახსენებს. აფხაზეთის ომის დროს მიზანმიმართულად იბომბებოდა ჩვენი სამშობიარო სახლიც, იბომბებოდა ორივე ჰოსპიტალი, პირველიც და მეორეც. მე მეორეში ვმუშაობდი.
იყო ასეთი შემთხვევა - უმძიმესი პაციენტი მეწვა ნარკოზის ქვეშ, რომელიც საინტუბაციო მილიანად აფეთქების ხმამ მომიგლიჯა, სადღაც კუთხეში გადააგდო. მერე ფორთხვით მივედით, ვიპოვეთ, ყველაფერი თავზე ეყარა. ღმერთის წყალობით მილი მოხსნილი არ იყო. მივაგორეთ სანარკოზო აპარატი და იქვე, იატაკზევე გავაგრძელეთ მისი რეანიმირება. საოცარი სიტუაცია იყო. როგორც კონვეიერზე, ისე მოჰყავდათ დაჭრილიც და მკვდარიც.
ასეთი შემთხვევაც იყო - პოზიციიდან უმძიმესი დაჭრილები მოიყვანეს, ერთ-ერთს დიდი სისხლის კოლტი ჰქონდა სახეზე, რადგანაც ხახაში გამჭოლი, უმძიმესი ჭრილობა მიიღო. სისხლი სდიოდა. ჯიბიდან საბუთი ამოვუღე, რომ გამეგო ვინ იყო, ისტორიაშიც ხომ უნდა ჩამეწერა. გვარად ლომიძე აღმოჩნდა, სოხუმელი, ჩამბას ქუჩიდან.
მითხრეს, ინტუბაციას ვერ მოახერხებო. მაინც ვცადოთ-მეთქი. პირველივე მცდელობისას ჩავდგი საინტუბაციო მილი, გავაკეთეთ ტამპონი და ბიჭი გადავარჩინეთ. ქალაქში თბილისელი ექიმები იყვნენ, მეორე დღეს ჩვენთან, უმძიმესი პაციენტების სანახავად მოვიდნენ. მათ შორის იყოს ბოხუა, სისხლძარღვთა ცნობილი ქირურგი.

მომიყვანეთ ის ანესთეზიოლოგი, ვინც ლომიძეს ინტუბაცია გაუკეთაო. ისეთი მკაცრი ხმა ჰქონდა, ავიწურე, თუმცა მაშინვე ვუთხარი - მე ვარ-მეთქი. მე ექიმს ვკითხულობო (ეტყობა, არ მქონდა ექიმის გარეგნობა) ექიმი ვარ-მეთქი. თქვენ გააკეთეთ, კოლეგა? ხელი ჩამომართვა. გილოცავთ, ეს უმაღლესი პილოტაჟია, კიდევ ბევრჯერ შევხდებით ერთმანეთსო.
იმ დროს ჩვენი ჰოსპიტლის დაბომბვა დაიწყო. გადაწყდა, ჩვენი ნაოპერაციები პაციენტები პირველ საავადმყოფოში გადაგვეყვანა და მხოლოდ ახალი დაჭრილები მიგვეღო. ამიტომ, ლომიძეც პირველ ჰოსპიტალში გადავიყვანეთ. შემდეგ დღეს ისევ ვმუშაობდი, მორიგე ვიყავი და გავიგეთ, რომ ბომბები პირველ საავადმყოფოს დაუშინეს. მაშინ იცით, რომ კომუნიკაცია ჭირდა, მით უფრო, ომის დროს, მაგრამ როგორღაც პირველ ჰოსპიტალში დარეკვა მოვახერხე. რა ხდება თქვენკენ-მეთქი? დავიბომბეთ და ხალხი დაიღუპაო. მაშინვე ლომიძე ვიკითხე. ლომიძე დაიღუპაო.
ჩემი სიმწრით გადარჩენილი ბიჭი იმ დაბომბვას შეეწირა. ძალიან განვიცადე. უკვე დევნილობაში აქ, თბილისში გოგა თოლორდავამ გააკეთა დევნილთა ჰოსპიტალი, სადაც 5-6 ექიმი რომელიც იქ ბოლო დღეებში ერთად ვიყავით, ისევ შევიკრიბეთ. მთელი აფხაზეთის დევნილობა ჩვენთან მოემართებოდა და ვეხმარებოდით.
სადღაც 1994 წელს, კაბინეტში ძაძებში ჩაცმული ქალი შემოვიდა, რომელსაც ახალგაზრდა გოგო ახლდა. მე და რეზო სულუხია ვიყავით (სოხუმის სამშობიაროს მთავარი ექიმი). ქალბატონი დაჯდა და ვხედავ, რომ გაუბედურებული დედაა, გულზე სამი გარდაცვლილი ბიჭის სურათი უკიდია. რა გვარი ბრძანდებით-მეთქი? - ვკითხე. ლომიძეო... მე ვიყავი თქვენი შვილის ექიმი-მეთქი.
ატირდა და მითხრა, - ვიცი, ეს ისტორია, ჩემმა შვილებმა მიამბესო. თურმე მაშინ ძმები ახლდა და ისინი პატრონობდნენ მას. როგორ ვიფიქრებდი, რომ ასე შეგხვდებოდითო...

- ორი დღის წინ ტელევიზიით გიყურეთ, 18 წლის თომაზე ჰყვებოდით...
- ერთ დღეს 18 წლის თბილისელი ბიჭი, თომა შემოიყვანეს. არტერია ჰქონდა დაზიანებული. ქირურგი გია შერვაშიძე იყო, მალხაზ მირცხულავა ეხმარებოდა და მე და თემურ ბარკალაია ვიყავით რეანიმაცია-ანესთეზიოლოგები. ქალაქში რადგან სიჩუმე იყო, დაბომბვა არ იყო მოსალოდნელი, ამიტომ, 6-საათიანი ოპერაცია დავიწყეთ. მისთვის ფეხის შენარჩუნება გვინდოდა. ოპერაცია მთავრდებოდა და სასწრაფოდ ევაკუაცია გამოცხადდა. ერთმანეთს გადავხედეთ, - რომელი მივატოვებდით? გავაგრძელეთ. ერთადერთი გია შერვაშიძემ ექთნებს უბრძანა - ევაკუაცია სასწრაფოდ დაიწყეთ, ჩასხედით მანქანებში, დავასრულებთ და ჩვენც ჩამოვალთო.
ოპერაცია საათი და 20 წუთი კიდევ მიდიოდა. რომ დასრულდა, მე და თემურ ბარკალაიამ სანარკოზო აპარატიანად და დიდი ჟანგბადის ბალონით გავაგორეთ თომა და ქვემოთ ჩავედით. აგუძერის პატარა ნავსადგურზე, ზღვაში იყო დიდი ბეტონის ფილები შეჭრილი, სადაც ხალხი უკრაინის გემს ელოდებოდა, რომელსაც უნდა გადმოეყვანა მოსახლეობა. მოკლედ, თომაც იქ დავაწვინეთ. ველოდებოდით გემს. გემი ნაპირს ვერ მოადგა, აფხაზებმა არ მოუშვეს, ესროდნენ. გემი გაბრუნდა, მაგრამ არ წასულა, მოშორებით დადგა.
ღამდებოდა, აგრილდა სანაპიროზე, "ბასანოშკებით," ხალათებით ვიყავით. დაჭრილები წუხდნენ, სტკიოდათ, შიოდათ. იმ დროს ჩემმა მეუღლემ, რომელიც საზენიტო დივიზიონში მსახურობდა, მიპოვა. რომ შეხედა, გადასახვევი მასალა აღარ გვქონდა და არც საჭმელი, წამოდი, აქვე, შტაბია, საკვებს და გადასახვევ მასალას გამოგატანო. საზენიტო დივიზიონი აგუძერაში იდგა. გავყევი, დაჭრილებთან ჩვენი ექიმები დარჩნენ. შტაბში ყველაფერი ჩანთაში ჩამიწყვეს და წამოვიღე.

გზაში ალყაში აღმოვჩნდი, მაგრამ ბედად გადავრჩი, ვერ დამინახეს და ისევ შტაბს მივადექი. იმ პერიოდში უკვე შემოსულები იყვნენ და აგუძერა დაკავებული ჰქონდათ. იმ გემის კაპიტანმა საოცრება ჩაიდინა, სიცოცხლის ფასად გარისკა და ნავსადგურზე შემოვიდა, ხალხი აიყვანა და წაიყვანა. მე იქ ვერ მოვხვდი. წაიყვანეს თომაც...
მთელი გზა ნორმალურად იყო. მერე თემური მიყვებოდა, ჟანგბადი დამთავრდა. ფოთმაც ვერ მიიღო გემი, რადგანაც იქაც ბევრი ხალხი მიაწყდა. აფხაზეთიდან წასულ ნაკადებს ვერ აუდიოდნენ. წამალიც გამოლეული იყო და იძულებული ვიყავი, გამეღვიძებინაო. კარგად იყო, მაგრამ გემი რეიდზე გააჩერეს, შევყოვნდით და მაშინ დაიღუპაო. ეს ამბავი ცოტა ხნის წინ იმ გადაცემაში რომ მოვყევი, მის ოჯახს მოუსმენია. თომას დედა დამიკავშირდა. ვიცოდით, რომ გემით ჩამოასვენეს, მაგრამ არ ვიცოდი, რომელ დღეს გადამეხადა 40, დაღუპვის თარიღი ვერ დავადგინეთო.
სწორედ გუშინ (ინტერვიუ ჩაწერილია 27 მარტს - ავტ.) ვუთხარი, რომ თომა გემმა 27-ში გამოიყვანა და 28-ში გამთენიისას დაიღუპა-მეთქი... დედასთან ემოციური საუბარი გვქონდა...

- როგორღაც შემსვეს ჯავშანტრანსპორტიორში, სადაც ბავშვები, ქალები იყვნენ. ქალაქის მოსახლეობა ტოვებდა სოხუმს. მივადექით მდინარე კოდორს, მაგრამ ავტომატებით წინ გადაგვიდგნენ, - დანაღმულია, ვერ გადახვალთო. ჩვენს ჯავშანტრანსპორტიორს ქალაქიდან მოსახლეობის გრძელი კოლონა მოჰყვებოდა. ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ მერხეულის ასახვევში ავსულიყავით, თავი რომ შეგვეფარებინა. ჭუბერის გზაზე ვინ ფიქრობდა. რომ მოვბრუნდით, მტერმა დაგვინახა და იფიქრეს, შეტევაზე მივდიოდით. ბომბები დაგვიშინეს.
ვუყურებდით აქეთ-იქით როგორ ფეთქდებოდა სახლები. ავასწარით მერხეულის ასასვლელში. კოლონა გამოგვყვა. ზოგიერთს მოხვდა ტყვიები, აფეთქდნენ. მათ წინააღმდეგობას საზენიტო დივიზიონი უწევდა, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღო ჩვენი გამოყვანა.
- რამდენი დღე მოდიოდით?
- 14 დღე მოვდიოდი. ფეხები მომეყინა. გზად ვიღაც გარდაცვლილი ბიჭის ფარაჯა მომაცვეს და მისი "პარტიანკები“ მეცვა. ზოგჯერ ტანკში ვიჯექი და ისე მოვდიოდი, ზოგჯერ - ფეხით. სოფელში სანამ ვიყავით, მოსახლეობა საკვებს გვაწვდიდა. მერე ალპური ზონა რომ დაიწყო, ის ნამდვილი კატორღა აღმოჩნდა. თოვა და მუჭის ოდენა სეტყვაც წამოვიდა, არაფერი დაგვაკლდა.
იმ პერიოდში უკრაინულმა ვერტმფრენებმა შემოფრენა დაიწყეს. ვიწრო ბილიკები იყო, მარჯვენა მხარეს უფსკრულები. ზემოდან გვიახლოვდებოდნენ, საჭმელს გვაყრიდნენ. ვიღაც იჭერდა, ვიღაც - ვერა და სადღაც ცვიოდა, მაგრამ იმედი იყო, რომ ვიღაცას შეხვდებოდა და ლუკმას სხვასაც გაუყოფდა. მათ იქ ასეთი 300 შემოფრენა განახორციელეს. სადაც შესაძლებელი იყო, იმ ვერტმფრენებს მცირეწლოვანი ბავშვებიც გადაჰყავდათ. ორი ჩვენს თვალწინ აფეთქდა, რადგან გადაწონა მოხდა. გზაში სვანები გვაფრთხილებდნენ, არ ჩამოსხდეთ, ღამე იარეთ. გაიყინებით და არც ერთ კუნძზე არ დასხდეთ, ისინი გადაჭრილი ხეები კი არა, გაყინული ადამიანებიაო.


ფოიეში სამი ბიჭი პოზიციებიდან დაქანცულები შემოვიდნენ და იატაკზე დაცვივდნენ. ვიფიქრე - ამათ როგორ ვუთხრა, რა ჯგუფის სისხლი გაქვთ-მეთქი?! არ შეიძლება, ძლივს სუნთქავდნენ...
იმ დროს ერთმა თავი ასწია - რა იყო, დაიკო, სისხლია საჭირო? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ბევრი ვერა და 100 მლ ავუღე, მისი ჯანმრთელობისთვის ზიანი რომ არ მიმეყენებინა. მერე ის ორიც ადგა და ცოტ-ცოტა ჩვენც აგვიღეო, უნდა ვუშველოთო. არ ვიცი ქარელის თუ კახეთის რომელიღაც ბატალიონიდან იყვნენ. მოკლედ, ამირან მურჯიკნელი გადავარჩინეთ. ამას წინათ ამ სახელის და გვარის კაცს, რომელსაც ფეხზე პროთეზი ჰქონდა, ერთ-ერთ არხზე თვალი მოვკარი, ინტერვიუს აძლევდა. ეს რომ დავინახე, უეცრად შევძახე. ეს ადამიანი თურმე თბილისში ცხოვრობს და მასთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოვახერხე.

- მთავარია, ომში ექიმმა იპოვო საკუთარ თავში დიდი ძალა. ბრაზი, სიძულვილი, სასოწარკვეთა გადაზარდო და მომართო დაჭრილი ადამიანის გადასარჩენად ბრძოლაში, სიყვარულში. ყველა ექიმი ომის გმირია და იმედის სიმბოლოა. ომში განსაკუთრებული მოთხოვნა და სხვა კანონებია თადარიგის ოფიცრებისთვის, სამედიცინო ოფიცრებისთვის, მოქმედი ექიმებისთვის... ერთი მინდა ვთქვა, რომ სამედიცინო სამსახურმა აფხაზეთის ომში ორგანიზებულად იმუშავა, ნაკლები დანაკარგებით, სხვა სფეროებზე ვერაფერს ვიტყვი...
შენიშვნა: სტატიის მთავარ ფოტოკოლაჟზე გამოყენებულია ფოტოგრაფ მაიკ გოლდვოტერის ფოტოები