რეკლამა

„ახალგაზრდა წყვილმა იპოვა ქალის ცხედარი მწვანე კონცხზე“ – ვინ იყო გამომძიებელი, რომელმაც 70-იანი წლების ყველაზე ხმაურიანი მკვლელობის ჩიხში შესული საქმე გახსნა

„ახალგაზრდა წყვილმა იპოვა ქალის ცხედარი მწვანე კონცხზე“ – ვინ იყო გამომძიებელი, რომელმაც 70-იანი წლების ყველაზე ხმაურიანი მკვლელობის ჩიხში შესული საქმე გახსნა
  • 383

ქართული გამოძიების მიერ გახსნილი ერთ-ერთი მკვლელობის რეზონანსული საქმე, 1973 წელს საქართველოს ფარგლებს გასცდა, რადგან მოკლული საქართველოს მოქალაქე არ იყო… როგორც მიაკვლიეს ქართველმა გამომძიებლებმა მკვლელს და რა ბედი ეწია მას, ამას სტატიაში შეიტყობთ. (სახლები და გვარები შეცვლილია)
1973 წელს ზაფხულში, მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთმა წყვილმა ქალის ცხედარი აღმოაჩინა. მას სამოსი ჰქონდა შემოხეული და გაუპატიურებული იყო. ექსპერტიზის დასკვნით კი, მკვლელს ის, სავარაუდოდ, ყელში ქამრის მოჭერით გაეგუდა. მსხვერპლი 32 წლის ალა კრავცოვა აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ქალი ბათუმში დასასვენებლად მარტო იყო ჩასული. საგულისხმო იყო, რომ ალა კრავცოვა „კაგებეს“ გენერლის, იური კრავცოვის ქალიშვილი იყო. იური კრავცოვი პენსიაზე იმყოფებოდა და მოსკოვში ცხოვრობდა. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, გენერალი მაშინვე ბათუმში ჩაფრინდა, თან, „კაგებეს“ საგამოძიებო ჯგუფი ჩაიყვანა და ამ საქმის გამოძიებას საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტი შეუდგა. გამწარებული გენერალი აჭარის ავტონომიური ოლქის ძალოვან და პარტიულ ორგანოებს მიწასთან გასწორებით დაემუქრა. ქალიშვილის ცხედარი წაიღო და მოსკოვში დაბრუნდა. „ლუბიანკის“ გამომძიებლებმა კი ადგილობრივი ძალოვნების გარეშე დაიწყეს გამოძიება და ამ საქმეში იმ პერიოდისთვის მოწინავე ტექნოლოგიებს იყენებდნენ. პარალელურად კი, ფეხზე დააყენეს აჭარის მთელი პოლიცია, უშიშროება და შავი სამყარო. გამოიკითხა უამრავი ადამიანი. წუთობრივი სიზუსტით დგინდებოდა მოკლული ქალის გადაადგილების მარშრუტი, თუმცა, შედეგი ნულის ტოლი იყო.
სამხილი
შემთხვევის ადგილს ექსპერტ-კრიმინალისტები საკმაოდ დიდ პერიმეტრზე იკვლევდნენ. გროვდებოდა დიდი თუ პატარა ზომის ნივთი და შემდგომ მათი გამოკვლევა ხორციელდებოდა. მათ შორის იყო ბოთლები, სიგარეტის ნამწვები, პროდუქტის ნარჩენები და სხვა უამრავი რამ. შეგროვილ ნივთებს შორის აღმოჩნდა ცილინდრისებური პლასტმასის პატარა ნივთი, რომელიც სიგარეტის ფილტრს ჰგავდა.
„კაგებეს“ ცენტრალურ ლაბორატორიაში დაადგინეს, რომ ეს ნივთი სიგარეტ „ფილიპ მორისის“ ფილტრი იყო. ასეთ სიგარეტებს ფირმა ვიეტნამის ომში მებრძოლი ჯარისკაცებისთვის უშვებდა. თხელი პლასტმასის იყო სიგარეტის კოლოფიც. ეს კი იმიტომ, რომ ძირს დავარდნის შემთხვევაში კოლოფი ჭაობში არ ჩაძირულიყო. მოგვიანებით, დიდი თვითღირებულების გამო ამ ტიპის სიგარეტების წარმოება შეწყდა და 1973 წელს უკვე აღარ უშვებდნენ.
მნიშვნელოვანი ნიუანსი იყო ისიც, რომ პლასტმასისფილტრიანი და კოლოფიანი „ფილიპ მორისი“ საბჭოთა კავშირში არანაირი ცნობილი გზით (იმპორტი, კონტრაბანდა) არ შემოდიოდა. სხვა სამხილების გამოკვლევაზე მეტად „კაგებე“ სწორედ ამ სამხილით დაინტერესდა და იმის გარკვევას შეუდგნენ, თუ როგორ მოხვდა ეს სიგარეტი მწვანე კონცხზე. გამომძიებლები თითქმის დარწმუნებულები იყვნენ, რომ ნაპოვნი ფილტრი მკვლელს ეკუთვნოდა. მიმდინარეობდა გლობალური კომპლექსური ძებნა.
არკვევდნენ, თუ სად შეიძლებოდა ეს სიგარეტი შემოსულიყო. ერთ-ერთი შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ 1972 წელს თბილისში, ჯორჯ ბალანჩინის საბალეტო დასი იყო ჩამოსული, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაატარა გასტროლები ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში. ამიტომ, წარმოიშვა ვერსია, რომ შესაძლოა, ეს სიგარეტი სწორედ მათ ჩამოიტანეს საქართველოს დედაქალაქში.

მსგავსი სიახლეები