რეკლამა

“აშშ-ის ბირთვული იარაღი უკვე მიმართულია რუსეთისკენ, თანაც მთელს მის პერიმეტრზე”- სკანდალურ განცხადება

“აშშ-ის ბირთვული იარაღი უკვე მიმართულია რუსეთისკენ, თანაც მთელს მის პერიმეტრზე”- სკანდალურ განცხადება
  • 1 928

ინტერვიუ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელ (ნიუ-იორკის ოლქი) ბორის პინკუსთან
– ბატონო პინკუს, ამასწინათ თქვენმა თანაპარტიელმა – სენატორმა რომნიმ განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევისთვის. ნარჩუნდება თუ არა ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში შეშფოთება რუსეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობის თაობაზე და რა რეაქცია მოჰყვა რომნის მოწოდებას?
– მინდა, შეგახსენოთ კრემლის მხრიდან შესაბამის მუქარაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ორიოდ კვირის წინანდელი პასუხი: მან თქვა, რომ თუ მოსკოვი ტაქტიკური ბირთვული ან თუნდაც ქიმიური იარაღის გამოყენებას გაბედავს, ბრიტანეთი მას მყისიერად, ნატო-სთან შეუთანხმებლადაც კი უპასუხებს. ამას მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის საპასუხო განცხადებაც იმის შესახებ, რომ ამერიკა რუსეთს ადეკვატურად უპასუხებს. ამასთან, ნულანდის პასუხი საკუთრივ პრეზიდენტ პუტინისადმი იყო მიმართული, რაც აშშ-ის მაღალჩინოსნების მხრიდან პირადი მუქარის პირველ შემთხვევას წარმოადგენდა. გარდა ამისა, პუტინს ამაზე პირად საუბრებშიც არაერთგზის მიანიშნეს. მაგალითად, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების მეთაურმა მილლიმ რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუსთან ამასწინანდელ საუბარში მთავარ მესიჯად სწორედ ის გააჟღერა, რომ აშშ დაუყოვნებლივ გასცემს პასუხს რუსეთის მხრიდან ნებისმიერ მსგავს ნაბიჯს.დღესაც აშშ მთელი გულისყურით უწევს მონიტორინგს ბირთვული თუ ქიმიური იარაღის გამოყენების თემაზე რუსეთის წარმომადგენლების ნებისმიერ განცხადებას და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოსკოვის მხრიდან ბირთვული საფრთხე მართალია, შემცირებული, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს. ამასთან, არაერთი აქაური ექსპერტი თვლის, რომ რაც მეტად გაუჭირდება რუსეთს უკრაინის ფრონტზე, მით მეტად შეიძლება, გაიზარდოს მოსკოვის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე – ანუ, პუტინმა შესაძლოა, “გასვლისას კარი გაიჯახუნოს”. ამის გათვალისწინებით, აშშ-ში შესაბამისი მომზადება უკვე ჩატარებულია და ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები, მათ შორის ბირთვული ქობინები საკმარის მზადყოფნაშია, უკვე მიმართულია რუსეთისკენ, თანაც მთელს მის პერიმეტრზე (საკმარისი სამხედრო ბაზები გაგვაჩნია ირგვლივ).რაც შეეხება რომნის განცხადებას, ის ალბათ, უფრო მის ელექტორატზე მიმართულად უნდა განვიხილოთ – ერთგვარ მცდელობად, ყურადღება მიექცია იმისათვის, რომ იგი დაინტერესებულია აშშ-ის მხრიდან უკრაინის ყოველმხრივი დახმარებით. ამასთანავე, ვფიქრობ, ეს განცხადება გაკეთდა ერთგვარ საპირწონედ რონ პოლისა და კიდევ 11 რესპუბლიკელის პოზიციის მიმართ, რომლებმაც პირადი მიზეზებიდან გამომდინარე, განაცხადეს, რომ “აშშ-ს არ უდგას არანაირი აუცილებლობა, უკრაინას 40 მლრდ დოლარიანი დახმარება გაუწიოს იმ პირობებში, როცა თავადაც უამრავი პრობლემა გვაქვს აშშ-ში გადასაჭრელი”. რომნის, როგორც ჩანს, სურდა, მათგან განსხვავებული პოზიციით თავი გამოეჩინა და ვერ ვიტყვი, რომ ეს მთლად მაღალპროფესიონალურად გამოუვიდა.
– უკრაინამ უკვე არაერთგზის მიმართა აშშ-ს თხოვნით, გამოუყოს მაღალი სიშორის რეაქტიული სისტემები MLRS, თუმცა ამერიკული მხარე რატომღაც ამ დრომდე ფეხს ითრევს. რამდენიმე დღის წინ ამერიკული მედია ასევე წერდა უკრაინისთვის “პეტრიოტის” კომპლექსების შესაძლო გადაცემის თაობაზე, თუმცა ოფიციალურად აშშ-ს ჯერ არც ეს გადაწყვეტილება დაუდასტურებია. თქვენი აზრით, რა განაპირობებს ხსენებულ საკითხებში აშშ-ის მსგავს აუჩქარებლობას?
– რამდენადაც მე ვიცი, პირიქით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა “პეტრიოტის” გადაცემაზე მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და განსაკუთრებით გააქტიურდა სწორედ ახლა – იმ პერიოდში, როცა უკრაინა თავდაცვითი პოზიციიდან შეტევითში გადადის. მოგეხსენებათ, თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მკაფიოდ განაცხადა ამერიკის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ არა მარტო უნდა მოიგოს ეს ომი და განდევნოს რუსული ჯარი უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, არამედ უნდა მიიღწეს რუსეთის იმდენად დასუსტება, რომ მან მომავალში ვეღარც კი გაივლოს თავში იდეა ვინმეზე, უპირველესად მეზობლებზე თავდასხმის შესახებ. შესაბამისად, დღეს ჩვენი სამხედრო მრეწველობის ქარხნები ინტენსიურად მუშაობენ უკრაინის გემსაწინააღმდეგო რაკეტებით უზრუნველსაყოფად. ეს პრინციპული მნიშვნელობის საკითხია სადღეისოდ, როცა რუსეთი ადგილზე გაშეშდა, შეტევებს ვეღარ ახორციელებს, მათ შორის – ვერც დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში და იძულებულია, დასჯერდეს საზღაო აკვატორიიდან მაღალი სიშორის რაკეტების გამოყენებას. ამდენად, დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ერთის მხრივ, უკრაინული ქალაქებისა და სოფლების უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი რუსული შემტევი ხომალდების ბლოკირებით და ამავდროულად, დავეხმაროთ უკრაინას მისი პორტების განბლოკვაში. აქ საუბარია უპირველესად, ოდესის უმსხვილეს პორტზე, რომლის განბლოკვა უკრაინიდან ხორბლისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქვეყნიდან გატანას უზრუნველყოფს. ამ ხორბალზე ხომ სადღეისოდ მსოფლიოს უამრავი ქვეყანაა დამოკიდებ
ული, მაგალითად, აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოში მოსახლეობა (გაერო-ს მონაცემებით – 41 მლნ აფრიკელი) უკვე შიმშილის ზღვარზეა იმის გამო, რომ უკრაინიდან ხორბლის განსაზღვრული რაოდენობა ვერ მიიღო. დღეს ამ ხორბალს უნიტაზებთან, მაცივრებთან, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან და ბევრ სხვა რამესთან ერთად, სამარცხვინოდ იპარავს რუსეთი. ამასთანავე, რუსული არმია უტევს ხორბლის უკრაინულ საცავებს, მათ შორის – დნეპროპეტროვსკის მხარეში. ამდენად, დღეს აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმაზე, რომ უკრაინას გემსაწინააღმდეგო რაკეტები რაც შეიძლება, სწრაფად მიეწოდოს.
სხვა საკითხია, რომ ეს ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ რთულ საქმიანობასთან გამოდგა დაკავშირებული. ამ დღეებში ე.წ. საკონტაქტო ჯგუფის მეორე სამიტზე – ე.წ. რამშტაინ-2-ზე (მოგეხსენებათ, ამ ჯგუფს ახალი ქვეყნებიც შეემატა და ამ დროისთვის მათი რაოდენობა უკვე 44-ს აღწევს აღწევს), რომელსაც თავდაცვის მდივანი ოსტინი თავმჯდომარეობდა, თითოეულმა ქვეყანამ დააფიქსირა, მას რით შეუძლია, დაეხმაროს უკრაინას, ჩვენმა ადმინისტრაციამ კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც უკვე გააჩნიათ სახმელეთო ბაზირების გემსაწინააღმდეგო რაკეტები, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დაიწყონ მათი უკრაინისთვის მიწოდება. ეს საკითხი შემდეგი სირთულის გამო დადგა დღის წესრიგში: არსებობს გემსაწინააღმდეგო შეიარაღების ორი სახეობა – სახმელეთო (მაგალითად, ჯერ კიდევ 1965 წლის წარმოების “გარპუნები” დამიზნების 124 კმ-იანი სიშორით, რომელიც აშშ-მა თავის დროზე ნატო-ს რიგ ქვეყნებს, მაგალითად, დანიას მიაწოდა, მოგვიანებით კი, არცთუ დიდი ხნის წინ – რუმინეთს) და საზღვაო ბაზირების, აშშ-ს კი ამ ეტაპზე სახმელეთო ბაზირების ნიმუშები არ გააჩნია (ქვეყანას უბრალოდ არ ჰქონია მათზე მოთხოვნა; ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგეები ხომ მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი არიან, რომელთა მიმართ შეტევის განხორციელება აშშ-ს მხოლოდ საზღვაო აკვატორიებიდან შეუძლია). არადა, დღეს უკრაინის სწორედ სახმელეთო ბაზირების გემსაწინააღმდეგო რაკეტებით უზრუნვეყოფის საჭიროება გვიდგას. ამავდროულად, ჩვენ გაგვაჩნია მსგავსი შეიარაღების ახალი სახეობა – “ნეველს სთრაიქ მისლს” – საზღვაო შემტევი ზებგერითი რაკეტები დამიზნების ბევრად მაღალი – დაახლოებით 185 კმ-იანი სიშორით, მაგრამ ასევე საზღვაო და არა სახმელეთო ბაზირებით. ელექტრონიკა, რომლითაც ეს რაკეტებია აღჭურვილი, კავშირშია ხომალდების სხვა სისტემებთან და ახლა ხორციელდება საკმაოდ რთული სამუშაო ამ რაკეტების ელექტრონიკის საერთო ელექტრონული სისტემისგან გათიშვის, მათი ავტონომიურობის უზრუნველყოფისა და მათი სახმელეთო ბაზირების სისტემაზე გადაყვანის მისაღწევად. ამერიკულ ინჟინერიას გზადაგზა სიახლეების გამოგონება უწევს, ასე, რომ ეს ძალზე რთული საქმეა, რომელიც მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოხერხდეს. საბედნიეროდ, ამ სამუშაოს დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია და ეს რაკეტები დღე-დღეზე მიეწოდება უკრაინას.ასე, რომ ფრონტზე არსებული ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, დღეს აქცენტი სწორედ გემსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებაზე კეთდება, რომლებიც უკრაინას ერთის მხრივ, მისკენ მიმართული რუსული რაკეტებისგან დაიცავს, ხოლო მეორეს მხრივ, 5 უკრაინული პორტის განბლოკვას უზრუნველყოფს.
– თქვენ უკრაინული პორტების ბლოკირების უმნიშვნელოვანესი პრობლემა ახსენეთ. გამოცემა “The Times”-ში ამ დღეებში გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომლის თანახმად, ბრიტანეთი ამუშავებს გეგმას და კონსულტაციებს მართავს მოკავშირეებთან, რათა მისი და მათი ხომალდები უშუალოდ ჩაერთონ საზღვაო დერეფნების ჩამოყალიბებაში უკრაინულ პორტებში გემების თავისუფალი შესვლისა და გასვლის უზრუნველსაყოფად. რამდენად მზად იქნება, თქვენი აზრით, აშშ, ამ ინიციატივაში ჩაერთოს და რამდენად მაღალი იქნება რისკი, აშშ-ის, ბრიტანეთის, ნატო-ს ხომალდების შავი ზღვის ამ ნაწილში შესვლის შემთხვევაში მათსა და რუსულ ფლოტს შორის დაპირისპირება იქნას პროვოცირებული?
– ზოგადად, ეს ლიეტუვას ხელმძღვანელობის ინიციატივა იყო, ბორის ჯონსონმა კი მას დიდი ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი. დღეს ეს საკითხი აქტიურად განიხილება პენტაგონშიც. ნატო-სა და რუსეთის ფლოტების დაპირისპირების რისკი მართლაც მკვეთრად გაიზრდება. მაგრამ ნატო-ს წევრმა თურქეთმა, მაგალითად, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, უკვე მოახდინა პოზიტიური რეაგირება: ანკარამ განაცხადა, რომ ამ ინიციატივის განხილვას შესაძლებლად მიიჩნევს (მოგეხსენებათ, თურქეთმა ჩაკეტა ბოსფორი სამხედრო ხომალდებისთვის, მაგრამ ახლა, როცა გაიჟღერა ხსენებულმა ინიციატივამ, მართალია, ერდოღანი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეულ პრობლემებს უქმნის ნატო-ს იგივე შვედეთისა და ფინეთის წევრობის საკითხში, თუმცა ამ საკითხში, მადლობა ღმერთს, თანხმობა განაცხადა, მონაწილეობა მიიღოს ლიეტუვის ხსენებული ინიციატივის განხილვაში). ამდენად, ჩემი აზრით, ეს დერეფნები მართლაც ჩამოყალიბდება, ეს გარდაუვლადაც კი მეჩვენება და სურს ეს რუსეთს თუ არა, ეს დააჩქარებს პუტინის საბოლოო მარცხსა და ამ სამარცხვინო ომის დასასრულს.
– და უშუალოდ აშშ თუ იქნება, თქვენი აზრით, მზად ამ ინიციატივაში საკუთარი გემებით ჩაერთოს?
– ვფიქრობ, ეს გარდაუვალია. მართალია, ბრიტანეთსაც დიდი შესაძლებლობები აქვს ამ კუთხით, მაგრამ ჩვენი – ამერიკული გემები ყველაზე უკეთ არის ადაპტირებული მსგავსი ამოცანების შესასრულებლად. რიგი ჩვენი ხომალდები უკვე დიდი ხანია, სიახლოვეს იმყოფებიან და სწრაფად შეუძლიათ, მოქმედებათა თაერტრში ჩაერთონ. მით უფრო, რომ მსგავსი გეგმები დიდი ხანია, დევს ოსტინის სამუშაო მაგიდაზე, ამ თემაზე საუბრები კონგრესის თავდაცვის კომიტეტში ჯერ კიდევ თვეზე მეტი ხნის წინ მიმდინარეობდა. ასე, რომ ვფიქრობ, ამერიკელები არათუ ჩაერთვებიან ამ ინიციატივაში, არამედ ალბათ, სათავეშიც ჩაუდგებიან ამ ოპერაციას – ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ.

ყველა სიახლის ნახვა