რეკლამა

"პუტინის პირჯვრის წერამ არ უნდა მოგვატყუოს, იქ უზენაესი, ადამიანის სიცოცხლე, არაფრად ფასობს“

"პუტინის პირჯვრის წერამ არ უნდა მოგვატყუოს, იქ უზენაესი, ადამიანის სიცოცხლე, არაფრად ფასობს“
  • 474




"პუტინის პირჯვრის წერამ არ უნდა მოგვატყუოს, იქ უზენაესი, ადამიანის სიცოცხლე, არაფრად ფასობს“
"მთავარია, ისე არ ვიცხოვროთ, რომ ღმერთის გარეშე დავრჩეთ, რაც ჯოჯოხეთს ნიშნავს“
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე საბა ინწკირველი­ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ამ ომის საქართველოზე გავლენასა და სხვა აქტუალურ თემებზე გვესაუბრა.
- როდესაც ერთმორწმუნე ქვეყნებზე­ საუბრობენ, ეს ტერმინი უნდა განვმარტოთ - ეკლესიის ცნობიერებისთვის მსგავსი­ რამ არ არსებობს. ჩვენ გვაქვს ასეთი ტროპარი:­ "აცხოვნე, უფალო, ერი შენი, და­ აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა­ ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა­ მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ,­ რათა ვიტყოდეთ: უფალო,­ დიდება­ შენდა". ბევრს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ მართ­ლმადიდებელი ერისთვის არის დაწერილი. ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინას­ ბომბავს,­ ჩვენც ვკითხულობთ ლოცვას და რუსეთიც, ვისი შეისმინოს უფალმა? ქრისტეს სახლი ნაციონალიზმი და ქვეყნების ერთმორწმუნეობა არ არის, ეკლესიის წევრია ყველა ის ადამიანი,­ რომლებიც ღვთის მცნებებს აღასრულებენ, ნათელღებული არიან და სახარებისეული სწავლებით ცხოვრობენ­. მაცხოვარს ერთმორწმუნე­ ქვეყანა არ დაუარსებია, პირიქით, სახარებაში გვითხრა, არ არსებობს ბერძნები, რომაელები, ებრაელები, არც დედაკაცები და მამაკაცები, ქრისტეში ყველანი ერთნი ვართ, ჩემი მეფობა ამქვეყნიური არ არისო...­ ჩვენ სხვადასხვა­ აღმსარებლობის შვილები გვყავს და ისინი ღირსეული მოქალაქეები არიან, ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, იბრძვიან, ლოცულობენ და შეიძლება ვთქვათ, ვინმეზე დაბლა­ დგანან, რადგან მართლმადიდებლები არ არიან?!

რუსეთის პატრიარქის ნარატივით უკრაინა­ ცოდვების გამო ისჯება. ეს აბსუ­რ­დია და ამ ყველაფრის უკან პოლიტიკა დგას. ქრისტიანულად ყველა ადამიანი თავისუფალია. ყველას აქვს უფლება როგორც უნდა ისე იცხოვროს, ეკლესია კი ვალდებულია მათ სიყვარულით მოუწოდოს, შვილებო, ღვთის ქმნილებებო, თქვენ არ დგახართ სწორ გზაზე, რომელიც ღმერთთან ერთობაშია, ცოდვას სჩადიხართ და შეინანეთო. ამას სიყვარულით აკეთებს და არა ბომბებით, ავტომატით. კარგი იქნება, თუ გავიაზრებთ, რაში დასდეს ქრისტეს ბრალი. ის ადამიანის თავისუფლებას, მის უფლებებს­ იცავდა. დაბადებიდან უსინათლო განკურნა, ოთხი დღის მკვდარი აღადგინა, მრუში დედაკაცი ჩაქოლვისგან დაიცვა. ერთ-ერთ ყველაზე ცოდვილ ადამიანებთან, მეზვერე­ებთან სახლში მიდიოდა, რის გამოც იმდროინდელი ე.წ. მორწმუნეები განიკითხავდნენ. ასეთები დღესაც გვყავს, ასეთია რუსეთის პატრიარქიც და დარწმუნებული ვარ, დღეს რომ შეეძლოთ, ისინი ქრისტეს ხელახლა აცვამდნენ ჯვარს. მათ განაჩენი გამოუტანეს უკრაინას, ცოდვის ტრიალია ქვეყანაში, უმწეო ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს ხოცავენ და ამას რაიმე­ გამართლება­ შეიძლება ჰქონდეს?! რუსეთს არ მოსწონს, თუ რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა ფეხზე წამოდგა და მყარი ნაბიჯებით განაგრძო სვლა განვითარებისკენ, ამიტომ სჯის საქართველოსაც. არ მოსწონს, რომ უკრაინაში მცხოვრები მართლმადიდებელი ადამიანების ნაწილმა საეკლესიო კანონებით მიიღო მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალია. ეს მიუღებელია რუსეთისთვის, რადგან ამით უკრაინაში გავლენა დაკარგა. ამიტომ დაიწყო ომი და არა ვითომ ცოდვების და არაქრისტიანული ქმედებების გამო. მადლობა ღმერთს, მსოფლიოს მღვდელმთავრები და სასულიერო პირების უმეტესი ნაწილი, მათ შორის ქართული ეკლესია ისტორიის სწორ მხარეს დგას, ხედავენ, რა ჯოჯოხეთის გზას გადიან უკრაინელები... ჩვენი სასულიერო პირები, ქართველი ბერებიც მკერდზე ჯვრითა და ხმლით ხელში მიდიოდნენ საომრად ჩვენი მებრძოლების მხარდამხარ. სხვა გზა არ გვქონდა, სულ მტრის მოგერიებაში ვიყავით, გადარჩენისთვის უნდა გვებრძოლა, შთამომავლობისთვის უნდა შეგვენახა, აქამდე მოგვეტანა ქართული მიწა-წყალი... რასაც ახლა რუსეთში ვუყურებთ, სხვა ქვეყნის გასანადგურებლად Dგამზადებული მძიმე სამხედრო ტექნიკის კურთხევა სატანის მსახურებაა... სამხედრო სამსახურებს კაპელანებიც ჰყავთ, რომლებიც ჯარისკაცებს ადამიანის სიყვარულს, სიცოცხლის მნიშვნელობას უნდა ასწავლიდნენ, რასაც ახლა რუსეთის ჯარი უკრაინაში აკეთებს, ბოროტებაა და ამისთვის ყველას მოეთხოვება. ახლა, როდესაც რუსი სამხედროები ყელამდე სისხლში არიან და ეს სამართლიანობის აღდგენა ჰგონიათ, შესაძლოა ზოგს ცოდვასა და უფალზე საუბარი მიამიტურად მოეჩვენოს, მაგრამ ასეთია ბუნების კანონზომიერება და ეს დღე დადგება. რუსეთის, მისი ხელისუფლების, სამხედროების, ეკლესიის წინამძღვრის ქმედებებისთვის ანტიქრისტიანობის წოდება ძალიან ლოიალური იქნება. ეს არის სატანიზმი, ბოროტების მსახურება. თავიანთ თავს ერთმორწმუნეს უწოდებენ. თუ ასეა, მართლმადიდებელი ერი ხოცავს მეორე ქვეყნის მორწმუნე შვილებს? ამდენი წელია ამით აპელირებენ. გეორგიევსკის ტრაქტატის წინა პირობა სწორედ ეს იყო, საქართველო მძიმე არჩევნის წინაშე იდგა, ერეკლე მეორემ არჩევანი ქრისტიანულ რუსეთზე გააკეთა,­ მაგრამ შედეგად "ერთმორწმუნე" ერმა ავტოკეფალია გაგვიუქმა, სამეფო ინსტიტუტი მოსპო. მეორე ეტაპი იყო გარუსების პოლიტიკა­, როგორც პატრიარქი ამბროსი­ ხელაია უწოდებდა, "მცირე ერთა მჩაგვრელმა რუსეთმა" იდეოლოგიური ბრძოლა გამოგვიცხადა. "ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. ვიბრძოდი როგორც მოქმედებით, ისე პრესის საშუალებით, რამაც შემძინა დევნილობა და ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ტკბილი და მყუდრო დღეები", - ამბობდა ის.
meuge-saba-1650196858.jpg
საბჭოთა იდეოლოგიის ნაწილია ისიც, რომ თითქოს მისი დამსახურება იყო 1943 წელს საქართველოს ეკლესიის აღიარება რუსეთის­ ეკლესიის მიერ, რაც სინამდვილეში სტალინს თავისი მიზნებისთვის­ სჭირდებოდა. მან მაშინდელი ეკლესია, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის, მთლიანად სახელმწიფოს დაუქვემდებარა. მადლობა ღმერთს, მაშინაც იყვნენ სასულიერო პირები, რომლებიც ამას საკუთარი სიცოცხლის, ყოველგვარი სტატუსის დაკარგვის ფასად აპროტესტებდნენ, მაგრამ ეკლესიის წიაღში უამრავი ადამიანი ადიდებდა რეჟიმს, თანამშრომლობდნენ მასთან. თუმცა ქართული ეკლესიის შენარჩუნებამ ერში თავისუფლებისთვის ბრძოლის მუხტი­ შეინარჩუნა, რაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით იყო გამოვლენილი, 80-იანი წლების ბოლოს­ კი ერთიანად ამოხეთქა - 9 აპრილს ასიათა­სობით ადამიანის პროტესტმა, დაღვრილმა სისხლმა, თავგანწირვამ, 21 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლემ დამოუკიდებლობა მოგვიტანა. თავისუფლებისთვის ბრძოლა ქართველ ერს დღემდე არ შეუწყვეტია, რასაც ვერ გვპატი­ობს რუსეთი. ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და რომ არა დასავლეთის მხარდაჭერა, არავინ იცის, ახლა სად ვიქნებოდით. თუმცა დასავლეთმა მაშინ ვერ დაინახა, რამხელა საფრთხის წინაშე იყვნენ ყოფილი საბჭოთა­ რესპუბლიკები. დასავლეთის პასიური, ეკონომიკასა და ბიზნესს გადაყოლილი პოლიტიკის გამო იხდის უკრაინა ასეთ ძვირ ფასს ახლა, საქართველო კი წლების განმავლობაში... 30 წელია გვხოცავენ, გვბომბავენ, მიწებს გვართმევენ, ადამიანებს გვტაცებენ და იზოლატორებსა და ციხეებში აწამებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები მამა-პაპის მიწაზე დადიან, შრომობენ და ცოცხლები არიან. დაპყრობილ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლას ცდილობენ, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უდიდესი მნიშვნელობის ილორი­ს წმინდა გიორგის ეკლესიას ხახვისთავა გუმბათი­ დაადგეს... ახლა თურმე უკრაინას "ნეონაცისტებისგან" ათავისუფლებენ. არადა, არასრულწლოვნებს, ქალებს, მოხუცებს ხოცავენ, მათზე ძალადობენ. ვნახეთ, შიშველი ხელებით რუსული ტანკების პირისპირ მდგომი მშვიდობიანი მოსახლეობა­ - წადით თქვენს ქვეყანაშიო, თუმცა ხერსონში ცეცხლი გაუხსნეს. ქალაქები მიწასთან გაასწორეს, ეკლესიები დაბომბეს... როგორ შემიძლია უკრაინელების ქმედება გავამართლო, როდესაც ისინი­ ტყვე რუს სამხედროებს აწამებდნენ, მაგრამ უკრაინა უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში უდიდესი დანაკარგის ფასად იცავს­ თავს. ამ უმძიმეს რეალობაში გამაოგნებელია იმ ადამიანების მოღალატეობრივი პოზიცია,­ რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთი არ არის მტერი, ან ზელენსკის დამსახურებაა ეს საშინელება. ასეთი ქმედებები დასჯადი უნდა იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ აცდუნებენ ხალხს იმ რუსული ნარატივით, რომლის თანახმადაც რუსეთი დასავლეთის გარყვნილებას ებრძვის და ამიტომ მას მხარი უნდა დავუჭიროთ. ის, რასაც ახლა "ალტინფო"­ აკეთებს,­ ერის ღალატია! იმას რატომ ვერ ხედავენ, თავად რუსეთს რა დამართა პუტინის რეჟიმმა?! პუტინის პირჯვრის წერამ არ უნდა მოგვატყუოს, იქ უზენაესი, ადამიანის სიცოცხლე, არაფრად ფასობს.
რუსეთის სასულიერო პირების მცირე ნაწილი არსებობს, ვინც კირილს აკრიტიკებს, მაგრამ მათ ბლოკავენ. თავად უკრაინაშიც არის რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლობა და ამ ომის შემდეგ 23-მა მაღალი­ სასულიერო იერარქიის წარმომადგენელმა საეკლესიო მსახურებისას რუსეთის პატრიარქის მოხსენიება შეწყვიტა. ქრისტიანობა სხვა, თუნდაც შენთვის მიუღებელი ადამიანის მოკვდინება კი არა, სხვისთვის სიკვდილია. ქრისტე მათთვისაც ეცვა ჯვარს, ვინც თავად გაიმეტა უფალი. ამიტომ ევედრება მამა ღმერთს, მიუტევე, მამაო, რამეთუ არ იციან, რასა იქმანო...
ახლა ხშირად ამბობენ, მართლმადიდებე­ლი სერბეთი ნატოს ჯარმა დაბომბაო.­ იუგოსლავიასაც ისეთი დიქტატორი მმართველი ჰყავდა, როგორიც ახლანდელ რუსეთს ჰყავს. მილოშევიჩსაც პუტინივით არ უნდოდა დიდი ქვეყნის დაშლა, მაგრამ სერბებმა, სლოვაკებმა და სხვა ერებმა ცალკე არსებობა გადაწყვიტეს, რის წინააღმდეგაც წავიდა მილოშევიჩი და ომი დაიწყო. როდესაც სერბეთის პატრიარქს ჟურნალისტმა­ ჰკითხა, თქვენ სერბი ხალხის ლიდერი ხართ და რას იტყვით ამ ომზეო, მან უპასუხა, თუ გვინდა გვქონდეს დიდი სერბეთი და ამისთვის მსხვერპლია საჭირო, მე არ მინდა­ ასეთი სერბეთი. თუ პატარა სერბეთი გვინდა, ისევ ადამიანთა მსხვერპლის ფასად, არც ასეთი სერბეთი მინდა, მაგრამ ერთი სერბიც რომ არსებობდეს დედამიწაზე­ და ეს მე ვიყო, მაგრამ ჩემი არსებობისთვის სხვა ადამიანი უნდა მოკლან, ასეთი სიცოცხლეც არ მინდაო. შევადაროთ ეს სიტყვები რუსეთის პატრიარქის პოზიციას, იმ უბედურებისგან ვიცავთ თავს, რაც უკრაინაში ხდებაო, და დიდსა და პატარას ანადგურებენ.
ჩვენთან, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში, 15 მონაზონია, მათ შორის არიან სირიელი, უკრაინელი, რუსი, ბელარუსი, გერმანელი, მაგრამ ჩვენ ერთმანეთისგან ეროვნება კი არ გვყოფს, ქრისტეს სიყვარული გვაერთიანებს. ჩვენ არც რუსი ხალხის მტერი ვართ, მაგრამ პუტინის რეჟიმი როგორ შეიძლება გავამართლოთ, როდესაც ქრისტეს ნაბოძებ აღდგომის მშვიდობას აზიანებენ?!­ აღდგომის შემდეგ, როდესაც უფალი მოციქულებს შეხვდა, ბრძანა, მშვიდობა იყოს თქვენთანო! ყველა ქრისტიანი­ ვალდებულია, სადაც მივა, მშვიდობის­ სული მიიტანოს. სად მიიტანა ერთმორწმუნე რუსმა მშვიდობა: საქართველოში, სირიაში, ლიბიაში, უკრაინაში?!
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული­ მოდის. პირადად ჩემს ცხოვრებაში განსხვავებული მარხვა იყო, ჩვენი გული და გონება­ უკრაინისკენ იყო მიმართული. აღდგო­მის დღესასწაული არის სიკვდილზე,­ ბოროტებაზე გამარჯვების დღე, მაგრამ მანამდე არის ლაზარეს შაბათი, როდესაც­ მაცხოვარმა კიდევ ერთხელ აჩვენა კაცთა­ მოდგმის­ უდიდესი სიყვარული - მან ლაზარე ადამიანურად, ცრემლით იტირა და მკვდრეთით­ აღადგინა. ამ სასწაულის მხილველი ხალხი დიდებით შეხვდა იერუსალიმში­ მაცხოვარს, შემდეგ კი სწორედ­ იგივე ადამიანები­ ითხოვდნენ ქრისტეს ჯვარცმას... ვნების შვიდეული იწყება, დიდი ოთხშაბათი­, ქრისტეს გაცემის დღე, დიდი ხუთშაბათი, როდესაც­ მაცხოვარი თავის მოციქულებს,­ ჩვენს ყველაზე დიდ, ზიარების წმინდა ევქარისტ­იულ საიდუმლოს გვიტოვებს. ეკლესია არ არსებობს ზიარების საიდუმლოს გარეშე.­ შემდეგ მოდის დიდი პარასკევი, მაცხოვ­რის ჯვარცმის დღე, მერე დიდი შაბათი, როდესაც საფლავში მყოფ მაცხოვარს ვიხილავთ. შემდეგ კი დადგება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული! მაცხოვარმა ყველაფერი გააკეთა ადამიანებისთვის, რათა ისინი ღმერთთან დაებრუნებინა, ყველაზე დიდ მტერზე, სიკვდილზე გამარჯვება მოგვიტანა. მთავარია, ისე არ ვიცხოვროთ, რომ ღმერთის გარეშე დავრჩეთ, რაც ჯოჯო­ხეთს ნიშნავს. თუ გვინდა მას გოლგოთის გზაზე გავყვეთ და ჯვარს ვეცვათ მასთან ერთად, საფლავში ჩავყვეთ, შემდეგ კი ღმერთთან ერთად მარადიულმყოფობა დავიმკვიდროთ, სხვა ადამიანების სიყვარული უნდა გვქონდეს.
ვულოცავ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩემი ქვეყნის შვილებთან ერთად განსაკუთრებით ვულოცავ უკრაინას - ჩვენ ერთნაირი განსაცდელი, ერთი ჯვარი გვაქვს საზიდი. აღდგომის მშვიდობის დამყარებას ვუსურვებ უკრაინას! ეს არის ქვეყნების, სამყაროს ზეიმი, როდესაც ერთად ხარობს ცა და დედამიწა. იოანე ოქროპირი ამბობს, დღე, როდესაც მაცხოვარს აქვს ტაბლა გაშლილი და იქიდან მშიერი არავინ უნდა წავიდეს, ყველამ უნდა მიიღოს ის მადლი და გამარჯვება, რომელიც ქრისტემ მოგვიტანა.



ყველა სიახლის ნახვა